ფეხბურთი

3:24 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” დუბლი შეასრულა

“ბარსელონამ” ესპანეთის თასის 2015/2016 წლების სეზონის ფინალურ მატჩში, “ვისენტე კალდერონზე” დამატებით დროში “სევილიას” სძლია და სეზონში მეორე ჯილდო გაიფორმა.

ფავორიტად რაღა თქმა უნდა კატალონიელები ითვლებოდნენ. გარდა იმისა, რომ “ბლაუგრანა” სხვა კალიბრის გუნდია, “სევილიას” ოთხშაბათს ევროპა ლიგის ფინალი ჰქონდა ნათამაშები და მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ჰქონდა, რაც ბუნებრივია “ბარსას” წისქვილზე ასხამდა წყალს.

ლუის ენრიკემ ის შემადგენლობა დააყენა, რომელთაც მთელი სეზონია ენდობა, ხოლო უნაი ემერიმ “ლივერპულთან” მოგებული მატჩიდან მხოლოდ 2 მოთამაშე შეცვალა – მეკარე დავიდ სორიას ნაცვლად სერხიო რიკომ ითამაშა, ხოლო სტივენ ნ’ზონზი ვისენტე იბორამ ჩაანაცვლა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ბურთს ძირითადად ნომინალური მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა. საწყის 45 წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი 36-ე წუთზე მოხდა – კევინ გამეირო მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ხავიერ მასკერანომ წააქცია და დელ სერო გრანდემ უმალ წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ნახევარი ანდალუსიელთა აქტიურობით დაიწყო და 51-ე წუთზე 100%-იანი საგოლე შანსიც ჰქონდათ – ევერ ბანეგამ ძელს გაარტყა. მთელი მეორე ტაიმის განმალობაში “სევილია” უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მსგავსი რეალური ეპიზოდი აღარ შექმნიათ. “ბარსელონას” კი ძალიან უჭირდა, რადგან ლუის ენრიკემ დაცვის ცენტრში არსებული სიცარიელე ნახევარდაცვის ცენტრის ხარჯზე შეავსო (მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ივან რაკიტიჩის ნაცვლად ჟერემი მატიე გამოვიდა) და კატალონიელები უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდენ – ბურთი მეტოქეს დაუთმეს. “ბლაუგრანას” მდგომარეობა კიდევ უფრო 57-ე წუთზე დამძიმდა, ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, “სევილიამ” რიცხობრივი უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოიყენა და დაისაჯა კიდეც: “ლივერპულთან” მოგებული მატჩის გმირმა კოკემ, 92-ე წუთზე უწყინარ სიტუციაში დაკარგა ბურთი, რასაც მეტოქის უსწრაფესი იერიში მოჰყვა და ევერ ბანეგა იძულებული გახდა, რომ ნეიმარი წაექცია, რადგან ბრაზილიელი სერხიო რიკოსთან პირისპირ რჩებოდა. არგენტინელი მოედნიდან გააძევეს (რომლისთვისაც ეს მატჩი დიდი ალბათობით უკანასკნელი იყო “სევილიას” მაისურით) და “დალაქები” საკვანძო მოთამაშის გარეშე დარჩნენ.

“სევილია” ევერ ბანეგასთან ერთად და მის გარეშე რომ ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია, დამატებით დროში კარგად გამოჩნდა. ანდალუსიელებმა ის კრეატივი და გააზრებული თამაში დაკარგეს, რომელიც არგენტინელის ყოფნის დროს ჰქონდათ. “ბარსელონამ” კი რაოდენობის გათანაბრებით ისარგებლა და მალე მოეგო გონს, რაც უმალ ტაბლოზე აისახა – ლიონელ მესის გენიალური გადაცემა ხორდი ალბამ შეირგო და 97-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გაუტანა რიკოს.

უნაი ემერიმ ტანმაღალი ფერნანდო ლორენტე ჩართო თამაშში და შეეცადა, რომ ჩაწოდებების ხარჯზე გაეკეთებინა რამე მის გუნდს, მაგრამ დაღლამ თავი იჩინა და სევილიელებს შეტევაში აღარაფერი გამოსდიოდათ. შეხვედრის ბოლოს კი, კარისოს ნერვებმა უმტყუნა, 1 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და “დალაქები” ცხრანი დარჩნენ მინდორზე, რაც “ბარსელონამ” მაშინვე შეირგო და მესის მორიგი ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ნეიმარმა 122-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

“ბარსელონამ” კოპა დელ რეი ზედიზედ მეორედ, სულ კი 28-ედ მოიგო.

ბარსელონა – სევილია 2:0 (დ.დ) 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა (რობერტო 120), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიე 46), ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი (რაფინია 57).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კარისო, რამი, მარიანო (კონოპლიანკა 80), ესკუდერო, კრიხოვიაკი, იბორა (ლორენტე 106), ბანეგა, კოკე, ვიტოლო, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ალბა (97), 2:0 ნეიმარი (122)
გაფრთხილებები: ალბა, ნეიმარი, ალვეში, ინიესტა – რამი, ვიტოლო, იბორა, კრიხოვიაკი, კონოპლიანკა, ესკუდერო, გამეირო, კარისო
გაძევებები: მასკერანო (36), ბანეგა (92) კარისო (121),
მსაჯი:
დელ სერო გრანდე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.215543