ფეხბურთი

2:21 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უფერულ ფინალში “დინამომ” დუბლი გაიფორმა

“დინამო” თბილისმა საქართველოს დავით ყიფინიასი სახელობის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ისეთი ფეერიული ფეხბურთი არ უჩვენებია, როგორც ერთი წლის წინ, “სამტრედიასთან” მატჩში, მაგრამ ვახტანგ ჭანტურიშვილის პირველი ტაიმის შუაწელს გატანილი გოლი ტიტულის მოსაგებად მაინც ეყო.

გუნდებმა თამაში ერთნაირი ტაქტიკით, 4-2-3-1 სქემით დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ 90 წუთის განმავლობაში თითქმის ერთ ტემპში მიმდნარეობდა, დაბალ ტემპში. მოკლედ, ფინალი დაძაბული გამოვიდა, მაგრამ სანახაობრივი თვალსაზრისით, აშკარად მოიკოჭლებდა და უკეთესის სურვილს ტოვებდა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მატჩს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო, რომელიც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს მიესალმა. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

თამაში ნელ ტემპში დაიწყო. ბევრი იყო ორმხრივი შეცდომები და არაზუსტი პასები, რაც ალბათ, ფინალით გამოწვეული ნერვიულობის ბრალი გახლდათ. გუნდები საწყის წუთებში ძირითადად ფლაგებიდან ცდილობდნენ შეტევას. სწორედ, ორი ასეთი მცდელობის შედეგად “დინამომ” თითქმის იდენტური მომენტები შექმნა – ორივე შემთხვევაში ოთარ კაკაბაძე აწვდიდა მეკარის საჯარიმოში, მაგრამ “სიონი” ხიფათს გადაურჩა.

ამ ეპიზოდთა შორის კი გაცილებით რეალური მომენტი ჰქონდა არმაზ ჯელაძის გუნდს – გიული მანჯგალაძის კუთხურის მერე თავით გურამ გიორბელიძე ურტყამდა ძალზე სახიფათოდ, თუმცა მცირედით არაზუსტად დაარტყა – ეს გახლდათ პირველი დარტყმა კარის მიმართულებით აღნიშნულ შეხვედრაში – მე-14 წუთზე.

“დინამომ” მეტოქეს 27-ე წუთზე უპასუხა: ალექსანდრე იაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა იქ კი, ყველაზე გიორგი ქვილითაიამ აჯობა, დაარტყა კიდეც, მაგრამ “სიონი” ძელმა და მერიზა მერლანმა ერთობლივად იხსნეს. თუმცა, გავიდა ორი წუთი და, “დინამო” მაინც დაწინაურდა – ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან მოიხელთა ბურთი, გაისწორა, მერლანმა ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა და ისე გაეხვა კარის ცხრიანში. მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა, ნებისმიერი რანგის და მითუფრო, სწორედ ფინალურ შეხვედრას. სხვათა შორის, ჭანტურიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც სპეციალურად თამაშის წინ იყო დაწესებული.

44-ე წუთზე დაჩი ფოფხაძემ სოლო რეიდი განახორციელა და მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, იქ მცველებმა შეაჩერეს, თუმცა ბურთი მოგერიების დროს კაკაბაძეს ხელზე შეეხო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მხოლოდ კუთხურის ნიშნულისკენ მიუთითა – “სიონის” ფეხბურთელები და გულშემატკივრები კი, უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. Pირველ ნახევარში მეტი აღარაფერი მომხდარა და დაძაბული, მაგრამ არცთუ სანახაობრივი ტაიმი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველისგან გასხვავებით უფრო სწრაფ ტემპში დაიწყო. “სიონს” მალევე შეეძლო გათანაბრება, თუმცა მანჯგალაძის სტანდარტის შემდეგ ლუკა რაზმაძეს მიზნამდე ცოტა დააკლდა და სიტუაცია განიმუხტა. და მაინც, ამის მერე კარგა ხანი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით უხეშობებსა და ყვითელ ბარათებს.

67-ე წუთზე კი, ბოლნისელებს ყველაზე რეალური შანსი მიეცათ – გიორგი ვასაძემ 20 მეტრიდან ეფექტურად, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, ლიბორ ჰრდლიჩკა ვერ შესწვდა, მაგრამ “სიონის” ფეხბურთელთა სამწუხაროდ ბურთი მხოლოდ ხარიხას მოხვდა და მოედანი დატოვა – მოკლედ, “დინამო” გადარჩა.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნახევარში “სიონი” უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კარს ემუქრებოდა, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა. ასე გაილია 90 წუთი. მსაჯმა 4 წუთი დაამატა ძირითად დროს. სწორედ ხსენებულ კომპესირებულ დროში ნიკოლოზ გელაშვილი, რომელმაც მანამდე ქვილითაია შეცვალა, ორჯერ დაუსხლტდა მცველებს – პირველ ჯერზე მეკარესთან პირისირ დარჩენილმა ძალზე უხეიროდ ითამაშა და დიდი მანძილით ააცილა, ხოლო მერე უფრო ნაყოფიერად იმოქმედა: გიორბელიძეს გაექცა და ბოლნისელთა მცველს ისღა დარჩენოდა საჯარიმოს მისადგომოებთან წაექცია – ყრუაშვილმა “სიონის” მარცხენა მცველს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი უჩვენა. აქ ნათელი გახდა, რომ მატჩს “დინამო” მოიგებდა.

მოკლედ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ იურაი აირაბეკის გუნდმა მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა. საქართველოს თასს კი მეცამეტედ დაეპატრონა.

“დინამო” (თბილისი) – “სიონი” 1:0 (0:0) VIDEO

18 მაისი, 2016 წელი. ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

“დინამო” (თბილისი) (4-2-3-1): ჰრდლოჩკა; კაკაბაძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ლობჟანიძე; მიკელ ალვარო (ჭელიძე 81), ჯიღაური; ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, იაშვილი (პარუნაშვილი 71); ქვილითაია (გელაშვილი 66)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

“სიონი” (4-2-3-1): მერლანი; ფოფხაძე (შალამბერიძე 85), კილასონია, სვანიძე, გიორბელიძე; რაზმაძე, გვალია (ლუიშ მედინა 72); გაფრინდაშვილი, ვასაძე, მანჯგალაძე (მანაგაძე 82); ტატანაშვილი

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი (29)

გაფრთხილება: კაკაბაძე (49), იაშვილი (54), ამისულაშვილი (63), გელაშვილი (89), ჯიღაური (89) - რაზმაძე (18), გიორბელიძე (65)

გაძევება: გიორბელიძე (90)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123645