ფეხბურთი

16:25 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ხუციშვილი: “ზაფხულისთვის გავძლიერდებით, ძირითად ბირთვსაც შევინარჩუნებთ”

საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” 20 ივნისს შეიტყობს თავის მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო 12-13 ივლისსა და 19-20 ივლისს თამაშებიც ექნება. მანამდე კი დინამოელებს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 18 მაისს ელით: თასის ფინალი ბოლნისის “სიონთან” და ეს შეხვედრა ქუთაისის “რამაზ შენგელიას” სტადიონზე გაიმართება.

Worldsport.ge “დინამოს” დირექტორ მიხეილ ხუციშვილს ესაუბრა. ალექსანდრე იაშვილი,Gგიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე – ზოგადის გარდა, კონკრეტულად ამ ფეხბურთელებზეც ვკითხეთ ხუციშვილს:

- სეზონი სრულდება. “დინამოსთვის” ამ სეზონს როგორ შეაფასებდით?

- კარგია, რომ ჩემპიონები გავხდით და თანაც დამაჯერებლად, მაგრამ თასის ფინალი წინაა და დუბლის შეასრულება გვსურს. მიზანი არა მხოლოდ ესაა: მთავარი ევროტურნირებზე კარგად გამოსვლაა. კარგად გამოსვლაში ვგულისხმობ ჯგუფში მოხვედრას, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპის ლიგის. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა მართლაც ბრწყინვალე იქნებოდა.

- ისე, სხვა ჩემპიონატებში ისე მიდის საქმე, რომ “დინამო” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი იქნება. ფაქტობრივად, ამას არაფერი უკლია...

- ეს ძალიან კარგია და 99 პროცენტით თითქმის გადაწყვეტილია, რომ განთესილები ვიქნებით. წილისყრაში იღბალიც არ გვაწყენდა.

- ალექსანდრე იაშვილზე: მან ადრე გვითხრა, ევროტურნირებზე აღარ ვითამაშებო. ხომ არ შეცვლილა რაიმე?

- არა, იაშვილმა გვითხრა, რომ 22 მაისს ბოლო მატჩს ჩაატარებს (შინ “შუქურასთან”) და კარიერას ასრულებს.

- ალბათ, გაცილებაც მოეწყობა.

- რა თქმა უნდა, თამაშის დღეს დავაჯილდოვებთ, მერე კი, იაშვილმა, შესაძლოა, გამოსამშვიდობებელი თამაში მოაწყოს და გერმანული “ფრაიბურგი” დაპატიჟოს. კლუბი, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გაატარა.

- ევროტურნირების წინ, “დინამოში” ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან. კონკრეტულად ვერ დაგვისახელებთ?

- მოლაპარაკება მიმდინარეობს, ზოგიერთი ფეხბურთელი კი მონიშნული გვყავს და მწვრთნელი იურაი იარაბეკი კიდევ აკვირდება. ჯერ თასის ფინალს და ჩემპიონატის ბოლო ტურსაც დაველოდებით. ისე კი, საუბარია როგორც უცხოელებზე, ასევე ქართველებზეც.

- ამჟამად გუნდში ვინმე ხომ არ არის გასინჯვაზე?

- არა.

- რამდენად შენარჩუნდება დღევანდელი ბირთვი?

- ძირითადი ბირთვი “დინამოში” დარჩება. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს, შეკრული გუნდია და არ ვაპირებთ იმ ფეხბურთელებთან გამოთხოვებას, რომლებიც ევროტურნირებზე გვჭირდებიან. თან, გაძლიერება იგეგმება ახალწვეულებით.

- დიდი შანსია, ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” გადავიდესო და რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

- კაკაბაძეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ჩვენ ახალ ხელშეკრულებას ვთავაზობთ და გვსურს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. “ხიმნასტიკზე” მეც გავიგე, მაგრამ არც ესპანური კლუბი ადასტურებს ამ ამბავს და არც - კაკაბაძე. როგორც ვთქვი, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ კაკაბაძე დარჩეს გუნდში.

- ბრემენის “ვერდერში” განათხოვრებული გიორგი პაპუნაშვილის საკითხი როგორ იქნება? დაიბრუნებთ თუ “ვერდერი” აპირებს გამოსყიდვას?

- “ვერდერი” მთლიანად გადართული იყო ბუნდესლიგაში დარჩენაზე და ტრანსფერებისთვის არ ეცალა. გერმანიაში ახლა მორჩა სეზონი, “ვერდერი” დარჩა და ახლა უკვე მოლაპარაკებაც დაიწყება. “ვერდერს” აქვს პაპუნაშვილის გამოსყიდვის უპირატესი უფლება და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. თუ გერმანელები ამას არ მოინდომებენ, პაპუნაშვილი “დინამოში” დაბრუნდება და რა თქმა უნდა, საკმაოდ გაგვაძლიერებს.

- აქვე, მთლიანად ამ სეზონზე გკითხავთ არა მხოლოდ “დინამოს” კუთხით. ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?

- როცა უმაღლეს ლიგაში 10 ან თუნდაც 12 გუნდი თამაშობდა, მაშინ უკეთესი ჩემპიონატიც გვქონდა. შარშანვე ვამბობდი, რომ 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგა არ გაამართლებდა. დადებითი ის ხდება, რომ ფედერაციის მიერ შემუშავებული სახელწიფო პროგრამა ამუშავდა და კლუბების ლიცენზირებაც გამკაცრდა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო, გარდამავალი ჩემპიონატი უკეთესი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110634