ფეხბურთი

23:24 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ "შახტარის" მთავარ გუნდში ითამაშა, დვალიშვილმა ექსგუნდთან წააგო

რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურში არ უთამაშია გიორგი ლორიას. მის გარეშე კი, “კრილია სოვეტოვი” შინ ყაზანის “რუბინს” დაუზავდა – 1:1. ყაზანელთა შორის დაცვის ცენტრში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია. რაც შეეხება ლორიას უთამაშებლობას, “კრილიას” მიმდინარე სეზონში ყველაფერი გარკვეული აქვს და ფრანკ ვერკოტერენმა ალბათ, შანსის მიცემა სათადარიგო კიპერისთვის გადაწყვიტა. სხვა მხრივ, ლორია ბოლო ხანებში კარგად თამაშობდა და წესით სკამზე მხოლოდ ზემოხსენებული მიზეზით უნდა დაეტოვებინა. “კრილიას” პრემიერლიგის დასრულებამდე ტურით ადრე, 34 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო “რუბინი” 33 ქულით მეათეა – არცერთს ბუნებრივია, გავარდნა არ ემუქრება.

სამაგიეროდ, თითქმის გავარდნილია ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის “მორდოვია”. სარანსკელებმა ამჯერზე უშუალო კონკურენტ “ანჟისთან” გასვლაზე დიდი ანგარიშით (0:3) წააგეს და ისევ გასავარდნ ზონას დაუბრუნდნენ. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა რევიშვილმა, კობახიძე კი, განაცხადშიც არ იყო. “მორდოვიას” 24 ქულა აქვს და მე-15-ეა. ნუკრის გუნდს არგავარდნის შანსი აქვს, მაგრამ ბოლო ტურში გასვლაზე მოსკოვის “ლოკომოტივს” უნდა მოუგოს...

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში მოიგო ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას “ემპოლიმ”. თოსკანელებმა შინ “ტორინოს” 2:1 აჯობეს. ჭანტურია სათადარიგო იყო, მაგრამ კალჩოში დებიუტი დამდეგი სეზონისთვის გადაედო, ხოლო მჭედლიძე მოგეხსენებათ დისკვალიფიკაციას იხდის. “ემპოლიმ” სეზონი მეათე პოზიციაზე დაასრულა, რაც ამ გუნდისთვის კარგი შედეგია.

უკრაინის ჩემპიონატში ბოლო ტურში დონეცკის “შახტარის” რიგებში გამოჩნდა 18 წლის გიორგი არაბიძე. მირჩა ლუჩესკუმ ახალგაზდრა ქართველ შემტევს “ზორიასთან” (2:3) ბოლო 28 წუთი დაუთმო. ეს გიორგისთვის მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში მესამე თამაში გახლდათ (ორჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე). აღსანიშნავია, რომ პარი ლიგაში გიორგიმ ორჯერვე “ზორიასთან” ითამაშა. “შახტარმა” სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს. “ზორიას” რიგებში კი ჯაბა ლიპარტიას არ უთამაშია. ლუგანსკელები მეოთხე პოზიციაზე გავიდნენ. გამოსარჩევია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს უკრაინის თასის ფინალში შეხვდებიან.

იქვე, “დნიპრო” შინ დონეცკის “ოლიმპიკს” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა შორის მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა სანდრო კობახიძემ. სტუმართა შორის მოედანზე 90 წუთი გაატარეს ქართული წარმომავლობის მქონე ზაურ მახარაძემ და თემურ ფარცვანიამ. “დნიპრომ” სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, “ოლიმპიკმა” – მეცხრეზე.

დავით თარგამაძის “ოლექსანდრიამ” გასვლაზე “ვორსკლას” მოუგო (1:0). თვითონ ქართველს არ უთამაშია, მისი გუნდი კი მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

პოლონეთის ექსტრა კლასაში წარუმატებელი დღე ჰქონდა ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ლადოს ამჟამინდელი გუნდი “პოგონი” კი გასვლაზე ყოფილ კლუბ “ლეგიასთან” განადგურდა – 0:3. ჩემპიონთა ჯგუფში “პოგონს” ამ მარცხის მერე 30 ქულა დარჩა და ევროსარბიელზე გასვლის შანსი აღარ აქვს. დვალიშვილმა ყოფილ თანაგუნდელების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

კვიპროსში გავარდა “პაფოსი”, რომლის ღირსებასაც ლევან ხმალაძე იცავს. ქართველის გუნდი ბოლო ტურში შინ “ახნასს” დაუზავდა (1:1), თუმცა ქულა მთავარ ლიგაში დასარჩენად არ ეყო. სტუმართა რიგებში კი ელგუჯა და შოთა გრიგალაშვილებმა ძირითადში ითამაშეს და შესვენების მერე ორივე შეცვალეს – შოთა 75-ე წუთზე, ელგუჯა კი – ბოლო წუთზე. შეცვალზე ითამაშა “ახნასის” რიგებში 3 წუთი დაჰყო მოედანზე რევაზ ბარაბაძემ.

დღესვე, ითამაშეს გიორგი ჭანტურიამ და გიორგი აბურჯანიამ - თუმცა, მათ შესახებ worldsport.ge დღის განმავლობაში უკვე წერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112285