ფეხბურთი

20:30 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძის გუნდი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავიდა

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ბოლო ტური გაიმართა და გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” სტუმრად 1:1 ითამაშა “ჩავესთან”, რაც მესამე ადგილზე გასასვლელად და უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა. მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა. ისე, ორი გუნდი გადავიდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირველზე გასულ “პორტო ბ”-ს გადასვლის უფლება არ ჰქონდა, ამიტომაც “ფეირენსე” მესამე ადგილით მოხვდა უმაღლესში.

მაკარიძე მაინც სხვა გუნდში დაიწყებს სეზონს: პორტუგალიის უმაღლესლიგელ “მორეირენსეში”.

ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” შინ 2:3 წააგო “ფარენსესთან”. ავთომაც ითამაშა ამ შეხვედრაში. ”ჟილ ვისენტე’ ცხრილის შუაში დარჩა, მე-11 პოზიციაზე.

პოლონეთში ლაშა დვალის “შლიონსკმა” 3:2 აჯობა “ლეჩნას” და ქვედა რვა გუნდს შორის (პოლონეთში უმაღლესის 16 გუნდი ორად გაიყო 30 ტურის შემდეგ) მეორე საფეხურზეა, ანუ გაისადაც უმაღლესში ითამაშებს. დვალი 90 წუთი გაისარჯა, ზოგადად, ის მშვენივრად შეეწყო “შლიონსკს”.

უკრაინაში დავით ხოჭოლავას ‘ჩერნომორეცმა” სტუიმრად 1:0 სძლია “სტალს” და მე-11 ადგილზე გავიდა (ბოლოდან მეოთხეზე). ეს ბოლო ტური იყო. ხოჭოლავამ ”სტალთან” შეუცვლელად ითამაშა.

ჩეხეთში “სლავიამ” მოულოდნელად 5:0 გაანადგურა ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი “პლზენი”. ლევან ყენია 83-ე წუთზე, როცა 4:0 იყო, მაშინ შეიყვანეს მინდორზე. “სლავია” მეხუთე ადგილზეა. შეგახსენებთ, ყენიას გუნდს თბილისის ”დინამოს” ექს-მწვრთნელი დუშან უჰრინი-უმცროსი თავკაცობს, რომელიც შემდეგ “პლზენსაც” ედგა სათავეში და აი, ყოფილ კლუბს მწარე მარცხი აგემა.

0.113599