ფეხბურთი

20:25 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” თბილისიდან 3 ქულა წაიღო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა, XXIX ტურმა სტარტი დღეს, თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე აიღო. ადგილობრივი “ლოკომოტივი” ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობდა და სტუმარი შინ 3 ქულით ხელდამშვენებული გაუშვა.

პირველი ტაიმი უგოლოდ სრულდებოდა, როცა ბექა ტუღუშმა “ლოკოს” გოლი გასახდელში გააყოლა. მეორე ნახევარში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს და მხოლოდ თერთმეტრიანის ნიშნულიდან იხეირეს – ჯერ ქუთათურმა გიორგი კუხიანიძემ გაიტანა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი, თამაშის მიწურულს კი გიორგი ფოფხაძემ, რომლის გოლი მხოლოდ ანგარიშის დასასველებლად აღმოჩნდა საკმარისი.

აღნიშნული გამარჯვებით “ტორპედომ” სიტუაცია გაიუმჯობესა, მაგრამ იმერული გუნდი ევროსარბიელზე გასვლას მაინც ვერ ახერხებს. “ლოკომოტივს” მდგომარეობა კი უფრო მძიმეა.

“ლოკომოტივი” – “ტორპედო” 1:2 (0:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (56, პენ), 1:2 ფოფხაძე (81, პენ)

გაფრთხილება: სამურკასოვი (60), გეთიაშვილი (90) – ჭიჭინაძე (80)

მსაჯი: ლაშა კვარაცხელია

0.124625