ფეხბურთი

22:52 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ "ზორია" თასის ფინალში გაიყვანა
წარუმატებელი დღე რუსეთში

უკრაინის თასის ფინალში ითამაშებს ჯაბა ლიპარტიას “ზორია”, რომელმაც ნახევარფინალის საპასუხო მატჩი შინ “დნიპროს” 2:0 მოუგო და რადგან პირველი თამაში 0:1 წაეგო ფინალში გავიდა. მასპინძელთაგან გაამრჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჯაბა ლიპარტიამ – ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა (VIDEO) და აღნიშნულ წარმატებას სათავე დაუდო. 28 წლის ლიპარტია 50-ე წუთზე შეცვალეს და გამარჯვების გოლი სწორედ მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ანდრეი ტოტოვიცკიმ გაიტანა მსაჯის კომპესირებულ დროში. სტუმართა შორის კი, მხოლოდ სამი წუთი დაეთმო ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს, რომელიც თამაშში 87-ე წუთიდან ჩაერთო.

ლიპარტიას “ზორიას” მეტოქე თასის ფინალში დონეცკის “შახტარი” იქნება, რომელმაც “ოლექსანდრიას” 2:0 აჯობა (ორი მატჩის ჯამში 3:1). დონბასელთა განაცხადში არ იყო ახალგაზრდა გიორგი არაბიძე, ხოლო სტუმართა შორის დავით თარგამაძე არ გამოჩენილა.

ჩეხეთის ჩემპიონატის XXIX ტურში ლევან ყენიას “სლავიამ” გასვლაზე “პრიბრამს” მოუგო ადვილად – 3:1. ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე გამოჩნდა. პრაღელებს ამ გამარჯვების შემდეგ 49 ქულა დაუგროვდათ და მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.

რუსეთის პრემიერლიგის XXVIII ტურში მოულოდნელად საკუთარ მოედანზე წააგო სოლომონ კვირკველიას “რუბინმა”. ყაზანელებმა ბოლო ადგილოსან მახაჩყალას “ანჟისთან” დათმეს მატჩი – 1:2. მასპინძელთა შორის ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა კვირკველია, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. “რუბინი” პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეათე ადგილზეა და გავარდნა არ ემუქრება.

იქვე, ცუდი დღე ჰქონდათ საქართველოს ნაკრების მეკარეებს – გიორგი ლორიასა და ნუკრი რევიშვილს. ლორიას “კრილია სოვეტოვმა” სტუმრად “კრასნოდართან” წააგო უშანსოდ (0:3). ქართველის კარი სამივეჯერ ფიოდორ სმოლოვმა აიღო. რევიშვილის “მორდოვიამ” კი შინ “ზენიტთან” წააგო ასევე – 0:3. ნუკრი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 62-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. იმ დროისთვის ანგარიში 0:2 გახლდათ. რევიშვილის კარის აღება 45-ე წუთზე აქსელ ვიტსელმა (ამ ეპიზოდში ქართველ მეკარეს უკეთ მოქმედება მართებდა), ხოლო 54-ეზე ჰალკმა (პენალტით) მოახერხეს. სხვათა შორის, ბრაზილიელმა 71-ე წუთზე მასპინძლებს კიდევ ერთი პენალტი გაუტანა, ამჯერად ილია ჩებანუს, რომელმაც რევიშვილი შეცვალა. სწორედ მოლდოველმა აიკიდა თერთმეტრიანი და ყვითელ ბარათსაც გამორჩა. “მორდოვიას” რიგებში 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა მცველმა მამუკა კობახიძემ, რომელიც სათამაშო პრაქტიკას დანატრებულია. ლორიას “კრილიას” გავარდნა არ ემუქრება და ცხრილში მე-9 პოზიციზეა, ხოლო რევიშვილის “მორდოვია” 24 ქულით საპლეი-აუთო ადგილზეა.

დანიის I დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დავით სხირტლაძის “სილკებორგმა” შინ “სკივესთან” (3:1) და სუპერლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს. ქართველმა შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მისი გუნდი 30 ტურის შემდეგ მესამე საფეხურზეა, რაც დანიის მთავარ ლიგაში გადასვლის შანსს იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113963