ფეხბურთი

15:54 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესში გადასვლის შანსი მხოლოდ “ლიახვსა” და “ვიტ ჯორჯიას” აქვთ

გუშინ, 10 მაისს ამოიწურა სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. როგორც იცით, თავიდან პირველი ლიგის არცერთ კლუბს არ მიეცა ლიცენზია, თუმცა განცხადებაც მხოლოდ ოთხ კლუბს ჰქონდა შეტანილი: “ლიახვს”, ”ვიტ ჯორჯიას”, “გაგრასა” და “ოდიში 1919”-ს.

აპელაციის ორგანოში ამ ოთხიდან ორმა კლუბმა შეიტანა საჩივარი” “ლიახვმა” და “ვიტ ჯორჯიამ”, რომლებიც პირველ ლიგაში პირველ-მეორე ადგილებზე არიან. “ლიახვი” ვადამდე ადრე გავიდა პირველ ადგილზე, ვიტელებს კი საგზური განაღდებული არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ მესამე-მეოთხეზე, შესაბამისად, ხობის “კოლხეთი” და “ბორჯომი” არიან, მაგრამ მათ ეროვნული ლიცენზიის მისაღებად თავიდანვე არ შეუტანიათ განაცხადი.

“ლიახვისა” და “ვიტ ჯორჯიის” გარდა, სააპელაციო ორგანოში კიდევ ორმა კლუბმა შეიტანა საჩივარი, თუმცა ეს უმაღლესლიგელებმა: ქუთაისის “ტორპედომ” უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით, ხოლო მარტვილის “მერანმა” სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს აქვს ეროვნული ლიცენზია.

და როდის იქნება პასუხი ამ ოთხი კლუბის მიმართ? აპელაციის ორგანო განიხილავს და 17 მაისამდე აცნობებს გადაწყვეტილებას კლუბებს. ასე რომ, უმაღლესში გადასვლის შანსი მხოლოდ ორ პირველლიგელს აქვს: “ლიახვსა” და “ვიტ ჯორჯიას”.

0.121122