ფეხბურთი

19:19 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტავეკიომ გადაწყვიტა: მონტელა კონტეს შეცვლის, ლიპი “აძურას” დაუბრუნდება...

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი რომ ეყოლება, შედეგის მიუხედავად, ძველი ამბავია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, თანაც დარწმუნებით, ანტინიო კონტეს მემკვიდრე გენუის “სამპდორიას” ამჟამინდელი დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა იქნება. “აეროპლანინოს” კანდიდატურაზე აქამდეც საუბრობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ჩანს.

ცოტა ხნის წინ, “სამპდორიას” პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა, მოტელას ნაკრებში წასვლაში ხელს არ შევუშლითო. მოკლედ, როგორც ჩანს, კარლო ტავეკიომ (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) გადაწყვეტილება მიიღო.

41 წლის მონტელამ სამწვრთნელო საქმიანობა 2011 წელს, “რომაში” დაიწყო. მერე კი, სიცილიურ “კატანიასა” და ფლორენციის “ფიორენტინას” ედგა სათავეში. მიმდინარე სეზონის წინ მან “სამპდორია” ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ მონტელა ფეხბურთელობისას იტალიის ნაკრებში 1999-2005 წლებში თამაშობდა და “სკუადრა აძურას” მაისური 2000 წლის ევროპისა და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოურგია. ჯამში ვინჩენცომ იტალიელთა ღირსება 20 მატჩში დაიცვა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ დალაშქრა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრებს ლეგენდარული მარჩელო ლიპიც დაუბრუნდება. ოღონდ არა მთავარი მწვრთნელის რანგში, არამედ სპორტული დირექტორის პოზიციაზე. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ტავეკიომ ორივე ზემოხსენებული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

0.15765