ფეხბურთი

2:51 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა გადარჩენისთვის

ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართება, საიდანაც 3 მატჩში ის კლუბები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

18:00 ნიუკასლი – კრისტალ პალასი

“სენტ ჯეიმს პარკზე” გასამართი შეხვედრა “ნიუკასლისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ “ჯორდებმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” ვერ დაამარცხეს, უდიდესი ალბათობით ჩემპიონშიფში დაქვეითება ასცდებათ.

რაფაელ ბენიტესის ხელში “კაჭკაჭები” ნელ-ნელა უმატებენ, სამი მატჩია არ წაუგიათ და დარჩენილ მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერლიგაში დიდი ალბათობით დარჩებიან, მაგრამ ამის გაკეთება იოლი როდია.

დღევანდელ მატჩში “ნიუკასლი” იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელთაც მათი ყოფილი თავკაცი ალან პარდიუ წვრთნის და ის შეეცდება, რომ ყოფილი კლუბი მაქსიმალურად გაამწაროს.

მასპინძლებს ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი მეკარეებში აქვთ, რადგან ორივე წამყვანი კიპერი ტიმ კრული და რობერტ ელიოტი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ. მათ გარდა, ტრავმირებულნი არიან: ჯანმაატი, ჰაიდარა და კოლოჩინი.

“კრიტალ პალასი” მე-16 ადგილზეა, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს, რომ “არწივებს” ამ მხრივ რაიმე საფრთხე დაემუქროთ. სატურნირო თვალსაზრისით კლუბს თითქმის არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, “ჯორდების” ყოფილი მწვრთნელი იოლად არაფერს დათმობს...

სტუმრებს ტრავმების გამო შამახს, აპიასა და ზაჰას მოისაკლისებენ.

18:00 სტოკი – სანდერლენდი

“ნიუკასლის” მსგავსად, რთულ მდგომარეობაშია ტაინ-უირის მეორე გუნდიც. “სანდერლენდი” გასავარდნ ზონაში მხოლოდ იმიტომ არაა, რომ ”ნორვიჩთან” შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.

შესაბამისად, “შავი კატების” მიზანი დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება იქნება, რაც ძალიან უნდა გაუჭირდეთ, რადგან “სტოკს” ბოლო 3 მატჩში სამარცხვინოდ აქვს წაგებული და ყველანაირად ეცდება, რომ საშინელი თამაშის შემდეგ ქომაგს ხასიათი გამოუსწოროს.

მასპინძლებს ბატლანდი, გივენი, უილსონი, ჯონსონი და აფელაი ჰყავთ დაშავებულნი, ხოლო სტუმრები დანაკლისის გარეშე ითამაშებენ.

18:00 არსენალი – ნორვიჩი

გადარჩენისთვის მებრძოლ კლუბთაგან, ყველაზე რთული მატჩი “ნორვიჩს” ელის, რომელიც გასვლაზე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “არსენალს” დაუპირისპირდება.

“ნორვიჩსა” და “სანდერლენდს” “ნიუკასლზე” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა “იადონებს” საკმაოდ რთული მატჩებით ელით (სამივე კლუბების კალენდარს ქვემოთ შემოგთავაზებთ) და დღეს მაქსიმალურად უნდა ეცადნონ, რომ ქულას მაინც გამორჩნენ.

ამის გაკეთება კი ძალიან რთული იქნება, რადგან “არსენალი” მე-3 ადგილის დაბრუნებას ცდილობს, რომელსაც “სიტისთან” ბურთების უარესი სხვაობის გამო აგებს. ამავდროულად, “მეთოფეები” საფრთხეს “მანჩესტერ იუნაიტედისგანაც” გრძნობენ, რომელთან სხვაობაც 5 ქულაა, მაგრამ “იუნაიტედს” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ლონდონელებს 1 შეცდომაც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

“არსენალს” ტომაშ როსიცკი და სანტი კასორლა არ ეყოლება, ხოლო “ნორვიჩს” ტეტი და კლოზე ვერ დაეხმარებიან.

დღის განრიგი:

18:00 ევერტონი – ბორნმუთი
18:00 ნიუკასლი – კრისტალ პალასი
18:00 სტოკი – სანდერლენდი
18:00 უოტფორდი – ასტონ ვილა
18:00 ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი
20:30 არსენალი – ნორვიჩი

ნიუკასლის კალენდარი:

07.05 ასტონ ვილა (გასვლა)
15.05 ტოტენჰემი (შინ)

ნორვიჩის კალენდარი:

07.05 მანჩესტერ იუნაიტედი (შინ)
11.05 უოტფორდი (შინ)
15.05 ევერტონი (გასვლა)

სანდერლენდის კალენდარი:

07.05 ჩელსი (შინ)
11.05 ევერტონი (შინ)
15.05 უოტფორდი (გასვლა)

0.110933