ფეხბურთი

16:19 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა გოგუა: "იმედი მაქვს, ნაკრებში შანსი მომეცემა"

გოგიტა გოგუა ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გოლები, საგოლე პასები, მატჩის რჩეულ მოთამაშედ დასახელება - ეს მისთვის უცხო არაა. "ირტიშის" ნახევარმცველმა ყაზახურ “ვესტი”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა კლუბებიდანაც აქვს წინადადებები და არ იცის, ზაფხულის მერეც დარჩება კლუბში თუ წავა.

წლევანდელ სეზონზე: "რთული წარმოსადგენი იყო, რომ სეზონს ასე კარგად დავიწყებდით. ბედნიერი ვარ, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს, თუმცა არასწორია, თითქოს "ირტიშის" წარმატებები მხოლოდ ჩემს თამაშთან იყოს დაკავშირებული. ფლანგზეც ვთამაშობ და ცენტრშიც. ჩემს კარიერაში არა მხოლოდ მარცხენა და ცენტრალურ ნახევარმცველად, არამედ მარჯვენა მცველადაც კი მითამაშია. მქონდა ასეთი გამოცდილება საქართველოს ნაკრებში. ამიტომაც, არაა მნიშვნელოვანი, თუ სად დამაყენებენ. მთავარია, გუნდს დავეხმარო".

კონტრაქტზე: "დიახ, ოთხი თვით მაქვს კონტრაქტი. მოვილაპარაკეთ, რომ თუ მწვრთნელს ჩემი თამაში მოეწონება, გავაგრძელებთ ხელშეკრულებას. ჯერჯერობით არ გაგრძელებულა. საქმე ისაა, რომ მთლიანად თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და არა - ქაღალდებზე. იმედია, წინადადება მალე იქნება. არ დავმალავ, რომ სხვა კლუბებისგანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ერთს დარწმუნებით ვიტყვი: "ირტიში" თუ შემომთავაზებს, ეს ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება. აქ ყველაფერი მომწონს: გუნდი, თამაში და მწვრთნელი. ასევე, ბრწყინვალე გულშემატკივრები".

ნაკრებზე და ვლადიმირ ვაისზე (გოგუა ვაისთან მუშაობდა "სატურნში"): "ეს ადრე იყო, როცა ერთად ვმუშაობდით, თუმცა ვაისმა იცის ჩემი შესაძლებლობები. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში თამაშის შანსი ისევ მომეცემა. ისე, ვფიქრობ, ვაისი საქართველოს ნაკრებში წარმატებით იმუშავებს".

კახა ცხადაძეზე: "ჯერჯერობით, მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყაზახეთში ჩემს გარდა, ქართველი მწვრთნელიც გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ცხადაძეს ყველაფერი კარგად წაუვა და "ქაირათს" სარგებელს მოუტანს, რადგან ის მართლაც მაღალი დონის სპეციალისტია. სურს თუ არა "ქაირათს" ჩემი გადაყვანა? ეს ვერ მეცოდინება, კახა ცხადაძეს უნდა ჰკითხოთ. თუმცა როგორც ვთქვი, ჩემთვის პრიორიტეტულია "ირტიში" და ამ კლუბზე ვფიქრობ".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10982