ფეხბურთი

18:20 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" საქართველოს 16-გზის ჩემპიონია

თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა. იურაი იარაბეკის გაწვრთნილებმა ფოთის "კოლხეთს" გასვლაზე 3:1 მოუგეს და მართალია, წინ კიდევ 4 ტური დარჩა, მაგრამ დინამოელები მიუწვდომელნი გახდნენ: 13 ქულით უსწრებენ მეორეზე მყოფ "სამტრედიას".

"დინამო" მეთექვსმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის აღების კარგი შანსიც აქვს. ბომბარდირთა დავაში კი გიორგი ქვილითაია დამაჯერებლად ლიდერობს. "დინამოს" ფორვარდმა დღეს კიდევ გაიტანა და 20 ბურთი დაუგროვდა მიმდინარე ჩემპიონატში.

ფოთში თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც დაესწრო.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "ჩიხურამ" 1:1 ითამაშა "სამტრედიასთან" და ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა, თუმცა "სიონსაც" დღეს სათამაშო აქვს. საჩხერელები გიორგი ჭანკოტაძის გატანილი პენალტით იგებდნენ და თან, სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, მაგრამ საბოლოოდ 1:1 - სამტრედიელებმა 75-ე წუთზე გაათანაბრეს გიგი იოსელიანის გოლით. ეს ზედიზედ მეორე შეხვედრაა, როცა სამტრედიელებს ფეხბურთელს უძევებენ, მაგრამ მაინც ატრიალებენ თამაშს. წინა შემთხვევაში "ცხინვალთან" სულაც 2:1 მოიგეს, დღეს კი ფრეს მიაღწიეს.

კოლხეთი (ფოთი) - დინამო (თბილისი) 1:3

გოლები: 0:1 ქვილითაია (12), 0;2 ჯიღაური (24), 0:3 რენე (71), 1:3 გოგონაია (75 პენ)

ჩიხურა (საჩხერე) - სამტრედია 1:1

გოლები: 1:0 ჭანკოტაძე (32 პენ), 1:1 იოსელიანი (75)

გაძევება: ცინცაძე (31, სამტრედია)

ტურის ბოლო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება: ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.24345