კალათბურთი

11:06 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა და "დალასი" პლეი ოფში (+VIDEO)

რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი „დალას მავერიკსმა“ სოლტ ლეიკ სიტიში „იუტას“ მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დალასელები პლეი ოფის პირველ წრეში ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „სან ანტონიოს“ შეხვდებიან.

იუტაში გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო. იუტელთათვის საერთოდ ყოფნა-არყოფნის გახლდათ, რადგანაც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს ფაქტობრივად კარგავდნენ. ასეთ შემთხვევაში „ჯაზმენები“ საკუთარ თავზე აღარ იქნებოდნენ დამოკიდებულნი, რადგან კონკურენტმა „ჰიუსტონმა“ მინესოტაში იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში „საკრამენტოს“ ძლევა ჰიუსტონელებს პლეი ოფში გასასვლელ ბოლო საგზურს უნაღდებდა. დალასელებს რომ წაეგოთ, ბოლო მატჩში „სან ანტონიოს“ ხვდებოდნენ და ასეთ მონსტრთან გამარჯვების მოპოვება ურთულესი საქმე იქნებოდა.

ერთი სიტყვით, შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი გულშემატკივრების გასახარად, რომლებიც დალასელებს ფაჩულიას ხათრით ქომაგობენ, „მავერიკსმა“ 101:92 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. 4-დან 3 მეოთხედი დალასელებმა 2-2 ქულით მოიგეს, ხოლო ერთში მეტოქეს 3 ქულით აჯობეს.

დალასელებს გამარჯვებისკენ დირკ ნოვიცკი გაუძღვა. ვეტერანმა გერმანელმა კალათბურთელმა 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 23 ქულა მიაშველა ტეხასელებს ექსიუტელმა დერონ უილიამსმა, ხოლო ვესლი მეთიუზმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშა და თავი 5 ქულას, 9 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სათადარიგო ცენტრმა სალაჰ მეჯრიმ 16 წუთში 7 ქულა დააგროვა. „იუტაში“ 26 ქულით ბომბარდირი გორდან ჰეივარდი გახდა, თუმც მას მიზანი აერია და 9-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.

„დალასს“ 42 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და როგორც ვთქვით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 14 აპრილს, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემ მატჩში ფაჩულიას გუნდი „სან ანტონიოს“ უმასპინძლებს. შეხვედრას უფრო დაზვერვითი ასიათი ექნება, რადგან სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეი ოფის პირველ წრეში.

www.gbf.ge

0.10116