კალათბურთი

12:18 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას "დალას მავერიკსს" პლეი ოფში გასვლა გადაედო (+VIDEO)

„დალას მავერიკსს“ პლეი ოფში გასვლა გადაედო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა წუხელ ლოს ანჯელესში „კლიპერსთან“ 91:98 წააგო და ამის მიუხედავად დასავლეთ კონფერენციის რვეულში შესვლა შეეძლო, თუმცა კონკურენტმა „ჰიუსტონმა“ იმარჯვა და პლეი ოფში შესასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

დალასს 41 მოგება და 39 წაგება აქვს. ჰიუსტონს კი - პირიქით, რაც ამ უკანასკნელს შანსს უტოვებს, დარჩენილი 2 შეხვედრა მოიგოს და დალასელთა წაგების იმედზე იყოს. ბრძოლაშია მესამე გუნდიც - იუტა ჯაზმა დღეს დენვერში იმარჯვა და 40 მოგების წილ 39 მარცხი გააჩნია. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ იუტა და დალასი - სოლტ ლეიკ სიტიში ხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში დალასი პლეი ოფში გავა, ვერა და ბოლო ტურში სან ანტონიოს დამარცხების, ან კონკურებტი ჰიუსტონის წაგების იმედზე უნდა იყოს.

რაც შეეხება გასულ მატჩს, დალასელებს ლოს ანჯელესში შანსი ფაქტობრივად არ ჰქონიათ. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 27:12 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 17 ქულით დაწინაურდნენ. კლიპერსს დაუბრუნდა ბლეიკ გრიფინი, რომელმაც ტრავმების გამო 4 თვე გამოტოვა. გრიფინმა 17 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა, ბომბარდირი კი 20 ქულით ჯეი-ჯეი რედიკი გახდა.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დალასელებს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდათ დერონ უილიამსი, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი რეიმონდ ფელტონმა 21 ქულით დააფიქსირა.

დალასელებს უპირატესობა კი აქვთ, მაგრამ კალენდარი არ უწყობთ ხელს. ფაჩულიას გუნდი ბოლო 2 მატჩში იუტას და სან ანტონიოს ხვდება, კონკურენტი ჰიუსტონი კი მინესოტასა და საკრამენტოს. იმედს ვიტოვებთ დალასი 1 მატჩს მოიგებს, ანაც ჰიუსტონი 1-ს წააგებს, რითაც ფაჩულიას გუნდი პლეი ოფში შევა.

www.gbf.ge

0.092734