კალათბურთი

14:37 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას გუნდმა უშუალო კონკურენტს სძლია (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” ნბა-ს პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. დალასელებმა ტეხასურ დერბიში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლეს და 88:86 სძლიეს.

შედეგად, “მავერიქსმა” დასავლეთ კონფერენციაში 40 მოგება და 38 მარცხი მოაგროვა და მე-7 ადგილზე გამაგრდა. 39 გამარჯვებით მერვეზეა “იუტა ჯაზი”, “ჰიუსტონს” კი 38 მოგება შერჩა და მე-9 საფეხურამდე დაქვეითდა, რაც პლეი-ოფს მიღმა დარჩენას ნიშნავს.

გასულ შეხვედრაში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა (ორივე შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

დალასელთა რიგებში საუკეთესო ბოლო ხანს ჩინებულ ფორმაში შესული ჯეი ჯეი ბარეა იყო 27 ქულით. მასზე ერთი ქულით ნაკლები ჩააგდო “როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, დუაიტ ჰოვარდმა კი სტუმრებს 14 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.

“მავერიქსს” რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 9 აპრილს – “მემფისთან”, 11 აპრილს – “კლიპერსთან”, 12 აპრილს – “იუტასთან” და 14 აპრილს – “სან ანტონიოსთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128955