ფეხბურთი

23:05 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გოგუა “ირტიშს” ლიდერობს, სხირტლაძემ დანიაში დუბლი მიითვალა

ქართული ლეგიონისთვის ეს შაბათ-კვირა მთლიანობაშიY წარმატებული ვერ გამოდგა. ბევრ ჩვენიანს სათადარიგოთა სკამზე მოუწია ყოფნა, ზოგიც განაცხადში ვერ მოხვდა. ეს სიახლე არაა, თუმცა ამ უქმეებზე ძალიან იგრძნობოდა. საერთოდ, სანაკრებო დღეების შემდეგ ასეა.

არნემის “ვიტესმა” დერბი წააგო “ნაიმეგენთან” გასვლაზე – 1:2. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს. “ვიტესი” მეშვიდე ადგილზეა და საერთოდ, რაც რობ მაასი დაინიშნა მწვრთნელად, შედეგები გაუუარესდა.

აზერბაიჯანში ბაქოს”ინტერმა” “გაბალასთან” გასვლაზე 0:0 დაასრულა და მესამე პოზიციაზეა. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი “ინტერის” სასტარტოში იყვნენ ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი. გიორგი ლომაია შეცვლაზე შევიდა, ლაშა კასრაძე მინდორზე არ გამოჩენილა.

ბელგიის პირველ ლიგაში “ტიუბიზმა” 2:0 მოუგო “სერკლ ბრიუგეს” და მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ერთი თამაში მარაგში აქვს და თუ მოიგებს, მეორეზე გადავა. ლევან შენგელიამ ბოლო 10 წუთი ითამაშა. როგორც იცით, შენგელიამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, მარტის მატჩებში ორი გოლი გაიტანა: სან მარინოსთან და უკრაინასთანაც.

კვიპროსზე შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა. “ეთნიკოსმა” სტუმრად 2:2 დაასრულა “არისთან” და კვლავ ბოლო ადგილზეა. “ეთნიკოსში” შოთა გრიგალაშვილმა 87 წუთი ითამაშა და გოლი მატჩის დასაწყისში შეაგდო. მისმა ძმამ, ელგუჯა გრიგალაშვილმა 58-ე წუთიდან ითამაშა. რვაზ ბარაბაძე “ეთნიკოსში”არ გამოჩენილა.

ლევან ხმალაძის “პაფოსმა” “აელ ლიმასოლთან” 1:1 ითამაშა და ბოლოსწინა საფეხურზეა. ხმალაძე სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

ჩეხეთში “სლავიამ” სტუმრად 1:0 მოუგო “დუკლას” და მეხუთეზეა. პრაღულ დერბიში არ უთამაშია ლევან ყენიას – სათადარიგოებში იყო.

დანიის რანგით მეორე ლიგაში დავით სხირტლაძემ დუბლი მიითვალა: ეს “სილკებორგ”-“როსკილდეს” შეხვედრაში (6:2). სხირტლაძემ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა, მისი “სილკებორგი” კი მეოთხე ადგილზეა და უმაღლესში გადასვლის კარგი შანსი აქვს.

საბერძნეთში “ლევადიაკოსი”-“იანინა” 1:1 დასრულდა. გიორგი მერებაშვილმა “ლევადიაკოსის’ მაისურით 86-ე წუთიდან ითამაშა და მისმა გუნდმაც ბოლო წამებზე გაიტანა. თავად მერებაშვილსაც ჰქონდა მომენტ, ახლოდან ურტყამდა და მცველმა დაუფარა.

ყაზახეთში “ირტიშმა” შინ 3:0 მოუგო “ატირაუს” და ერთი გოლი გოგიტა გოგუამაც გაიატანა. სამი ტურის შემდეგ, “ირტიში” 9 ქულით ლიდერობს და ბურთების შეფარდება აქვს – 7:0. გოგუა კარგად შეეწყო გუნდს, მარტის თვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გოლს რაც შეეხება, ბოლოს, 83-ე წუთზე გაიტანა.

რუსულ პრემიერლიგაში სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” სტუმრად 0:1 წააგო მოსკოვის “ლოკომოტივთან” და მეათე ადგილზეა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას ‘სტაბეკმა” სტუმრად 1:3 წააგო “ბოდო გლიმტთან”. გოროზიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” შინ 4:4 დაასრულა მატჩი “კორდობასთან” და მესამე პოზიციაზეა. აბურჯანიამ ტაიმნახევარი ითამაშა და შეცვალეს. საინტერსოა, რომ “ხიმნასტიკი” ოთხჯერ აგებდა და ოთხივეჯერ გაათანაბრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129152