ფეხბურთი

1:31 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: ბევრი უთამაშებლობა, ბევრი სკამი

თურქეთის სუპერლიგაში “ესკიშეჰირსფორმა” შინ 4:3 მოუგო “გალათასარაის” და სამწუხაროა, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ასეთ მატჩში მხოლოდ ბოლო ორი წუთი ითამაშა – მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. “ესკიშეჰირსფორი” ბოლოდან მესამე ადგილზეა.
საფრანგეთში “რენი”-“რეიმსი” 3:1 დასრულდა. რეიმსელთა განაცხადში იყო ჯაბა კანკავა, თუმცა მწვრთნელს მინდორზე არ შეუყვანია. ჯაბას გუნდი ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა, ლიგიდან კი სამი გუნდი ვარდება.
უკრაინულ პრემიერლიგაში “ზორიამ” 4:1 სძლია “კარპატის”. გამარჯვებულთა შორის ჯაბა ლიპარტიას არ უთამაშია, სათადარიგო იყო. “კარპატის” კი დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ბუბა დაუშვილი – მან ბოლო 25 წუთი ითამაშა. “ზორია” მესამეზეა, ხოლო დაუშვილის გუნდი მეშვიდეზე.
“ემპოლიმ” ტურინში 0:1 წააგო “იუვენტუსთან” და სერია ა-ს ცხრილის შუაში დარჩა. ლევან მჭედლიძე განაცხადში არ ყოფილა, რადგან კუნთის ტრავმა აქვს და ამის გამო საქართველო-ყაზახეთის შეხვედრაშიც ვერ მიიღო მონაწილეობა.
რუსეთში “როსტოვი”-“სპარტაკმა” (2:0) ქართველების გარეშე ჩაიარა. როსტოველთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია ნიკა კაჭარავას. ხოლო “სპარტაკში” ჯანო ანანიძე განაცხადშიც არ გახლდათ, რადგან შეუძლოდ იყო. როსტოველები ლიდერობენ, ხოლო სპარტაკელები მეექვსეზე არიან.
კვიპროსზე 12-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ წაიფორხილა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა, რომელმაც შინ “აპოლონს” ვერ აჯობა – 2:2. ქეცბაიას გუნდი 7 ქულით უსწრებს აეკ ლარნაკას, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.
ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” კი გასვლაზე 1:0 მოუგო “ნეა სალამისს” და მეხუთე პოზიციაზეა. მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო.
დანიის სუპერლიგაში “ორჰუსმა” შინ ვერ სძლია აუტსაიდერ “ჰიობროს” და ბოლოდან მესამეზეა. მათე ვაწაძე ორჰუსელთა განაცხადში არ იყო.
ფინეთში ირაკლი სირბილაძემ სამი საგოლე პასი მიითვალა. ეს სათასო შეხვედრაში, რომელშიც სირბილაძის “კოკოლამ” “მუსას” გასვლაზე 5:0 აჯობა.

0.111177