ჭიდაობა

0:31 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გობაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია
სამივე სინჯის მედალი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე

ბულგარეთის ქალაქ რუსეში დაწყებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-98 კატეგორიის ფალავნები ჩაერთვნენ და ოთხივე წონაში ქართველმა ფალავნებმა მედლებისათვის იჭიდავეს.

ლაშა გობაძემ (80) წარმატებით დაიცვა შარშანდელი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედალს. კუკური კირცხალია (98) ვერცხლის მედალს დასჯერდა, რამაზ ზოიძემ (70) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან ხვიჩა ჭითავამ (59), რომელმაც საბოლოოდ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ლაშა გობაძემ (80) საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედი ბოგდან კოურინი 10-4, მეოთხედფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 8-1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი იანეს ვაგნერი 3-2 დაამარცხა. ფინალში მან თურქ ბუკჰან აკბუდაკს 8-2 მოუგო.

კუკური კირცხალიამ (98) პირველ შეხვედრაში 1:55 წუთში სუფთა გამარჯვება მოიპოვა პოლონელ ალეკსანდრ კროცზაკთან, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს 3-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი მუსა ევლოევი დაძაბულ შეხვედრაში 4-4-ზე დაამარცხა. ფინალში ჩვენებურმა გერმანელ მუჰამედ სევერთან შეხვედრა 0-6 დათმო.

რამაზ ზოიძემ (71) ქულების აშკარა უპირატესობით 4:26 წუთში 9-0 დაამარცხა ფრანგი მოჰამედ ზაროური, მეოთხედფინალში უკრაინელ ალექსეი კალინიჩენკოს 7-1 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ იუნუს ემრე ბასართან 1-9 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოსთვის მედლისთვის შეხვედრაში ზოიძე ბელარუს რუსლან აჰამალიეუს დაეჭიდა და 3:17 წუთში იოლად გაუსწორდა 10-2.

ხვიჩა ჭითავა (59) პირველ შეხვედრაში 1-10 დამარცხდა მომავალ ფინალისტ რუს სერგეი ემელინთან, სანუგეშო წრეში კი სერბი ტამას ნადი 10-2 დაამარცხა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მიიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ფალავანი შეხვედრის უკანასკნელ წამებამდე უგებდა გერმანელ ეტიენე კინსინგერს, თუმცა ბოლოსკენ 2 ქულა დაკარგა და დასანანი მარცხი განიცადა.

პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 33 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეზე აზერბაიჯანია 31 ქულით, მესამეზე კი თურქეთი 28 ქულით.

დღეს, შეხვედრები დარჩენილ 66-75-85-130 კატეგორიებში გაიმართება, საქართველოს სახელით კი თორნიკე ჯანგავაძე (66), გელა ბოლქვაძე (75), შალვა ხაჩიძე (85) და იაკობ ქაჯაია (130) იჭდავებენ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111327