სხვა

19:59 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს 36-ე “იმპერატორის თასი”

იოკოძუნა ჰაკუჰო “იმპერატორის თასის” მფლობელი 36-ედ გახდა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ გაზაფხულის სუპერტურნირზე 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.

“თეთრი ფენიქსი” ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს “მზიურ ცხენად” წოდებულ თანამემამულე, ასევე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დაუპირისპირდა და ცუკიოტოშით გაუსწორდა. შედეგად, ჰაკუჰომ 1 მოგებით აჯობა იაპონელ ოძეკი კისენოსატოს, რომელმაც მე-13 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან გაიფორმა.

ტურნირი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელმაც შეჯიბრის მე-2 ნახევარი უკეთ კი ჩაატარა, თუმცა, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) მაინც ვერ გადაურჩა. შეჯიბრის ბოლო დღეს ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის ჰატაკიკომით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოსაკაში გამართულ ტურნირზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობდა, განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) კი დაქვეითება ელის.

15 შეხვედრიდან მხოლოდ ხუთში იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც ტოჩინოშინისგან განსხვავებით, პირიქით, ბაშოს პირველ ნახევარში გამოყურებოდა უფრო დამაჯერებლად.

საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-15 დღეს გაგამარუ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტამავაშისთან ოშიდაშით დამარცხდა. ცხადია, რომ ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას ტიტულს ვეღარ შეინარჩუნებს.

ცნობისთვის, პროფესიული სუმოს ასოციაცია განახლებულ კლასიფიკაციას 25 აპრილს გამოაქვეყნებს, მომდევნო ბაშო კი ოსაკაში 8-22 მაისს შედგება.

ჰარუ ბაშოს მე-15 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 3:10-დან, ტოჩინოშინი - 7:06-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112671