ფეხბურთი

15:20 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯონი შეროზია: “შანსი გვაქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ”

უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულმა “ვიტ-ჯორჯიამ” ისე არასტაბილურად დაიწყო პირველი წრე, რომ ქვეყნის პირველობაზე დაბრუნების შესაძლებლობა ბუნდოვანი გახადა... თუმცა ზამთრის შესვენების შემდეგ, რადიკალურად განსხვავებულ მეორე წრეს ატარებენ მცხეთელები და თუ ასე გააგრძელეს, დასახული მიზნის მიღწევის შანსი ექნებათ. “ვიტ-ჯორჯია” მეორე წრეში უდანაკარგოა, 6 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოიგო გუნდმა, ორი კი ფრედ დაასრულა. ჩინებულ სეზონს ატარებს “ვიტ-ჯორჯიას” კარის დარაჯი ჯონი შეროზია, რომელიც ზედიზედ სამი თამაშია კარს მშრალად ინახავს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს თავისი გუნდის წარმატებულ სვლაში. “ვიტ-ჯორჯიას” ამბებზე გუნდის კიპერს ვესაუბრეთ.

- ბოლო ტურიდან დავიწყოთ, უშუალო კონკურენტს მოუგეთ სტუმრად და ე.წ. ექვსქულიან შეხვედრაში მოახერხეთ გამარჯვება, როგორ შეაფასებდი ამ მატჩს?

- “სამგურალი” მეორე ადგილზე შემთხვევით, რომ არ იყო, ეს ჩვენთან მატჩშიც გამოჩნდა. ძალიან კარგი გუნდი ჰყავს წყალტუბოს და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ჟინი და მონდომება ჩავდეთ ალბათ და ამან გაამართლა. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ.

- სამმატჩიანი მშრალი სერია გაქვს, გამოდის, რომ კარგ ფორმაში ხარ..

- ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურებაა, მთლიანად გუნდია კარგ ფორმაში და ეს მიადვილებს მეც თამაშს. რა თქმა უნდა სასიამოვნოა როცა გოლს არ უშვებ, მაგრამ ყველაზე მთავარი შედეგია და იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც ვიბრძვით.

- როგორ ფიქრობ, შეძლებს “ვიტ-ჯორჯია” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას?

- ბოლო ტურებში ჩატარებული მატჩები ნამდვილად გვაძლევს ამის საფუძველს, შანსი არის და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ზედა ხუთეულში დიდი სხვაობაა არაა ქულებში. გამოკვეთილი ფავორიტი “ლიახვია”, დანარჩენს ოთხ გუნდს კი თანაბარი შანსი აქვს.

- მომდევნო ტური დღეს გიწევთ “რუსთავთან”. როგორი განწყობით ხვდებით აღნიშნულ მატჩს?

- განწყობა რა თქმა უნდა საბრძოლოა, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ნებისმიერი ქულა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სეზონის ბოლოს. ასე რომ, რუსთავის გუნდის პატივისცემის მიუხედავად, ყველა ლოგიკით გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ.

- და ბოლოს, როდის გიმთავრდებათ კონტრაქტი “ვიტ-ჯორჯიასთან” და თუ აპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას ამ გუნდთან?

- კონტრაქტი წლის ბოლოს მიმთავრდება, თუმცა მე ახლა ამ გუნდის წევრი ვარ და წინასწარ ვერ ვიტყვი რა იქნება.. ამ ეტაპზე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი ამოცანაა უმაღლეს ლიგაში დავაბრუნოთ “ვიტ-ჯორჯია, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე.

0.113894