ფეხბურთი

17:12 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

Worldsport.ge-ს ინტერვიუ ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიასთან: “საქართველოსთან თამაში განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს”

29 მარტს საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩში, შესაძლოა, ლორიები იდგნენ კარში. საქართველოს ნაკრების მსგავსად, ყაზახეთსაც ჰყავს მეკარე ლორია – დავითი. ის ჯერ კიდევ 19 წლისა იყო, როცა ეროვნულ გუნდში ათამაშეს, თბილისშიც ახლდა ნაკრებს 2005 წელს, როცა შეხვედრა 0:0 დასრულდა. მაშინ დავით ლორიამ გიორგი დემეტრაძეს პენალტი აუღო.

Worldsport.ge-ს ყაზახთა ქართველ მეკარეს ესაუბრა. ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და ქართული სიტყვებიც გამოურია. მას საქართველოში არასოდეს უცხოვრია, ცელინოგრადში (დღევანდელი ასტანა) დაიბადა, ერთი პერიოდი მოსკოვის ცსკა-ს აკადემიაში იყო და შემდეგ ავსტრალიაში ცხოვრობდა, იქაურ კლუბ “ენფილდ სიტი ფელკონსში” გამოდიოდა. ეს სიჭაბუკის წლებში.

ლორიას არაერთი კლუბი გამოუცვლია და ახლა გოგიტა გოგუას თანაგუნდელია “ირტიშში”. 2011 წლიდან მოყოლებული, ნაკრებში აღარ იწვევდნენ და აი, ამჯერად დააბრუნეს. ყაზახური გუნდების გარდა, დავითს უთამაშია შვედურ “ჰალმშტადში”, ნალჩიკის “სპარტაკში”, თურქულ “რიზესფორსა” და “ქარშიაქაში”.

ლორია 34 წლისაა, ეროვნულ ნაკრებში კი 38 მატჩი ჩაუტარებია. ყაზახეთის სამგზის ჩემპიონია, ხოლო 2006 წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში?

- სიმართლე გითხრათ, ქვეყნის მთავარ ნაკრებში ნათამაშევი თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია. საამაყოა ფეხბურთელისთვის. თუმცა საქართველოსთან მატჩი რაღაც განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს ჩემთვის.

- ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ “ქაირათში” თამაშობდით. 29 მარტს ვაისს დებიუტი ექნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში. როგორი სპეციალისტია – საინტერესოა თქვენი აზრი.

- კარგი მწვრთნელია და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებში.

- “ირტიშში” თქვენი თანაგუნდელია გოგიტა გოგუა. მასთან ერთად ნალჩიკის “სპარტაკშიც” იყავით. როგორ დაახასიათებდით გოგუას?

- გოგუა კარგი ფეხბურთელი და კარგი პიროვნებაა. მას ძალიან ვაფასებ და მოხარული ვარ, რომ კვლავ ერთ გუნდში ვთამაშობთ. “გოგა” არის “ქართველი გატუზო”.

- პირადად თქვენ როგორ ფორმაში ხართ და როდის გქონდათ საუკეთესო პერიოდი კარიერაში?

- პერიოდს ვერ გამოვყოფ, წარმატებული სეზონები ხშირად მქონია. ახლა როგორ ფორმაში ვარ, ამას სეზონი გამოაჩენს. სეზონი კი ახალი დაწყებულია.

- საქართველოში ნათესავები გყავთ? და მათთან ურთიერთობას თუ ინარჩუნებთ?

- ამჟამად არავინ მყავს. ნათესავების უმრავლესობა ავსტრალიაში წავიდა საცხოვრებლად, თანაც, საკმაოდ დიდი ხნის წინ.

ლორიას წლეულს ყაზახმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იცნობს თუ არა გიორგი ლორიას.

“არა, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ვერ გაერკვნენ, რომელი იყო გიორგი და რომელი – დავითი. სამაგიეროდ, ნუკრი რევიშვილს ვიცნობ”.

0.113027