ფეხბურთი

0:41 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ქართველებს შეგვიძლია, რომ მომავალში სხვა ნაკრებებს მოვახვიოთ თავზე თამაში”

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ 19:00 საათზე დაიწყო ვარჯიში “მიხეილ მესხზე” და წვრთნამ საათზე ოდნავ მეტ ხანს გასტანა. როგორც იცით, 23 მარტს გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ნაკრები ევროშესარჩევის მატჩში სან მარინოს უმასპინძლებს და შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება “მიხეილ მესხზე”.
ვარჯიშის დაწყებამდე გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე გახლდათ 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი (თბილისის “დინამო”).

გეგუჩაძე: - სან მარინოსთან მატჩი ჩემთვის სადებიუტო იქნება ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის რანგში. ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და დადებითი შედეგი უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, კარგი შემადგენლობა გვყავს, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია. მართალია, გაფართოებულ სიაში ბევრნი გვყავდა, მაგრამ ამ ეტაპზე ოპტიმალური შემადგენლობა ავარჩიეთ.

- ჯგუფში მეოთხე ადგილზე ვართ და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიღაა დარჩენილი. ამ შესარჩევში რაიმე კონკრეტული მიზანი გექნებათ?

- კონკრეტულად რომელიმე ადგილის დაკავებაზე საუბარს მოვერიდები, რადგან მართლაც თეორიული შანსი გვაქვს. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ მინდორზე. ოთხი მატჩი დაგვრჩა და მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთს აღარ ვხვდებით, მაინც რთული შეხვედრები გვექნება: იგივე, გასვლა ესტონეთში და მითუმეტეს, შვედეთში. ხორვატიას კი, მართალია, ვმასპინძლობთ, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მეტოქეა და იოლი თამაში არ იქნება. მინდა, დიდი ყურადღება მიექცეს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეებს და საერთოდ, ეროვნულ ნაკრებს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მივაწოდოთ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დარჩენილ შეხვედრებში 1996 წელს დაბადებულები და უმცროსები უფრო ათამაშოთ, რადგან მომდევნო შესარჩევისთვის მოემზადოთ?

- გარკვეულწილად, აქეთ მიდის პროცესი, ანუ ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ დარჩენილ შეხვედრებში შედეგს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ და მხოლოდ მომდევნო შესარჩევზე ვიფიქრებთ. შედეგი და მომავალზე გათვლა – ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

- ორი თანაშემწე გეყოლებათ: გიორგი ჭიაბრიშვილი და ვასილ მაისურაძე. მათი ფუნქციები როგორ გადანაწილდება?

- ორი თანაშემწე არაა ფუფუნება. ეს არის აუცილებლობა. პირველი თანაშემწე ჭიაბრიშვილი იქნება. მაისურაძე უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სელექციას.

- მარტის დასაწყისში ერთდღიანი შეკრება და ვარჯიში გქონდათ, სადაც ნაკრების კანიდატებს დააკვირდით. მომავალშიც გეგმავთ?

- დიახ, 20 და 26 აპრილს ვაპირებთ. ეგაა, 20-ში თასის ნახევარფინალში გასული გუნდების ფეხბურთელებს ვერ მოვიწვევთ, რადგან მაგ დროს თამაში ექნებათ კლუბებში.

- სან მარინოსთან მატჩში ვინ იქნება კაპიტანი?

- ამას მოგახსენებთ. შესაძლოა, სან მარინოსთან სხვა იყოს კაპიტანი, უკრაინასთან 28 მარტის ამხანაგურ მატჩში კი – სხვა. შემდეგ კი ჩამოვყალიბდებით.

- იმ ფეხბურთელებზე გვითხარით, რომელთა გამოძახებაც გსურდათ ამ მატჩებისთვის, მაგრამ ტრავმამ შეუშალათ ხელი.

- მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე. ასევე, მათე კვირკვია და აკაკი შულაია, რომლებსაც ასაკით მომდევნო შესარჩევშიც შეეძლებათ თამაში.

- ნაკრებს ერთი გამოკვეთილი სათამაშო ტაქიკური სქემა ექნება თუ მეტოქის გათვალისწინებით აარჩევთ?

- გვინდა, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენთვის მისაღები სტილი და მინდა ვთქვა, ქართველებს გვაქვს უნარი, სხვებს მოვახვიოთ თავზე ჩვენი თამაში. რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას დრო სჭირდება.

ოთარ კიტეიშვილი: “კონკრეტულად სან მარინოსთან გასვლაზე, როცა 3:0 მოვიგეთ, მე არ მითამაშია. ისე კი, რა თქმა უნდა, ვიცი მეტოქის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სხვა გუნდებს დონით ჩამორჩება, მაქსიმალურად კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ. ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

0.145223