რაგბი

20:00 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 14-ში ლიდერი შეიცვალა (+VIDEO)

სანაკრებო მატჩების პარალელურად, გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმაც მრავლად ითამაშეს.

ამ ტურის შემდეგ ლიდერობა დაკარგა დავით ხინჩაგიშვილის „რასინგმა“, რომელიც ცხრილის შუაში მყოფ „კასტრს“ პარიზში დაუხვდა და პირველად 1999 წლის შემდეგ, ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ტოპ 14-ში აქამდე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ და მანამდე მე-8 ტურში იმავე „კასტრთან“ დამარცხდნენ (8:34). ამრიგად, მიმდინარე სეზონში განცდილი სამად სამი მარცხიდან, „რასინგს“ ორჯერ „კასტრმა“ აჯობა და კიდევ ერთი - მიმდინარე სეზონში პარიზელებმა საკუთარ მოედანზე პირველად წააგეს.

„რასინგის“ 4-ტურიანი ლიდერობა კი დასრულდა, მაგრამ მას „ტულონთან“ შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და პირველ ადგილზე დაბრუნების შანსი მარტის შუა რიცხვებში ექნება. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა და მოედანზე ყოფნისას ერთი ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

შეხვედრის ერთადერთი ლელო სტუმრებმა 29-ე წუთზე გაიტანეს და მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით 13:3 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და დენ კარტერმა ჯარიმებით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (66 წუთი). „რასინგს“ რამდენიმე სალელოვე შეტევა ჰქონდა, ხაზის გაჭრა ხერხდებოდა, მაგრამ „კასტრი“ დასკვნით ფაზაში მოიერიშეების შეჩერებას ახერხებდა და ამ გამარჯვებით საჩემპიონო პლეი ოფში, ანუ მოწინავე ექვსეულში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ლიდერის მარცხით ისარგებლა მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და იური ნატრიაშვილის „ტულონმა“, რომელმაც კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის „ბრივი“ დიდი ანფარიშიით დაამარცხა - 44:15. მასპინძლებმა სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და ახლა პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მდევრებზე ერთით მეტი თამაში აქვთ ჩატარებული.

ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა ხუთმა მორაგბემ მიიღო. გორგოძე ცხვირის ტრავმას მკურნალობს, ხოლო ასიეშვილი ნაკრებში იყო გამოძახებული და ისინი განაცხადში არ იყვნენ. დანარჩენთაგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სტუმართა ბურჯი ჟღენტი იყო და ის 48-ე წუთზე შეცვალეს. ამ პერიოდში მან მხოლოდ ერთი ბოჭვა გააკეთა და ერთხელ დაჯარიმდა. 53-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა „ბრივის“ ვეტერანმა ბურჯმა შველიძემ, რომელმაც ორჯერ შეუტია და ერთი მეტრი გაიარა, ერთი პასი გააკეთა და მეტოქე 2-ჯერ შებოჭა.

შეცვლაზე ითამაშეს მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერებმა - ჩილაჩავამ 51-ე წუთიდან (1 შეტევა და 1 მეტრი, 1 გაცუდებული ბოჭვა), მიქაუტაძემ 54-ე (2 შეტევა და 4 მეტრი, 1 პასი, 3 ბოჭვა და 1 გაცუდებული ბოჭვა) და ნატრიაშვილმა 62-ე წუთიდან (1 შეტევა და 1 მეტრი, 3 ბოჭვა).

თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის პირველ ტაიმში „ბრივმა“ იბრძოლა და რომ არა ზედ საფინალო სასტვენის წინ მიღებული კურიოზული ლელო-გარდასახვა, მხოლოდ 5ქულას აგებდა. მეორე ტაიმში „ტულონმა“ კიდევ 3 ლელო გაიტანა (ჯამში 6) და მართალია თავად ორი გაუშვა, მაგრამ ზედიზედ მეორე პრემიალური გამარჯვება იზეიმა. თავის მხრივ, „ბრივი“ მიყოლებით მეორედ დამარცხდა და საპლეიოფო ზონას დაშორდა.

საკუთარ მოედანზე დამარცხდა კიდევ ერთი პარიზული კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სტად ფრანსე“. ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ „გრენობლს“ შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდა. კლუბმა საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული შვიდი მორაგბე მოისაკლისა და არ ყავდა ჟვანიაც, რომლებიც საქართველოს ნაკრების რიგებში ესპანეთს ამარცხებდა. და მაინც, პარიზელები 66-ე წუთისთვის 18:16 იგებდნენ, მაგრამ მერე სამი ლელო გაუშვეს და პრემიაც ვერ აიღეს. შედეგად, „სტად ფრანსე“ საპლეიოფო ზონას ისე დაშორდა, რომ ტიტულის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩა.

საკუთარ მოედანზე ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, „კლერმონმა“ გულშემატკივარი გაახარა და „ოიონაქსი“ 44:16 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, რადგან დავით ზირაქაშვილი ტრავმას იშუშებს, ხოლო ვიტო კოლელიშვილი დისკვალიფიკაციას იხდის. პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო სტუმრებმა გაიტანეს, მაგრამ უდისციპლინობამ მათ უპირატესობის შენარჩუნების საშუალება არ მისცა და ტაიმი 13:18 დათმეს. მეორე ტაიმში „კლერმონი“ შეუჩერებელი იყო, 63-ე წუთამდე, 20 წუთის ინტერვალში 4 ლელო გაიტანა და პრემიაც ჩაიწერა.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენმა“ 13-მატჩიანი მარცხიანი სერია (ორივე ტურნირში ერთად) შეწყვიტა და ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელის“ 31:27 ძლევით, სატურნო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია. ზემოთნახსენები 13 მატჩიდან, „აჟენს“ 7 ტოპ 14-ში ჰქონდა წაგებული და ახლა სეზონში მესამედ იმარჯვა, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, უძლიერესთა შორის დარჩენა გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ისე დაიწყო, მასპინძლებისგან გამარჯვებას აღარავინ ელოდა. „ლა როშელს“ 11 წუთში ორი ლელო ჰქონდა გატანილი და 17:0 იგებდა, თუმცა, მეორე ტაიმის დებიუტში 20:21 ჩამორჩა. მართალია სტუმრებმა ლელო-გარდასახვით მალევე შეძლეს უპირატესობის დაბრუნება, მაგრამ 66-ე წუთზე მეოთხე ლელო გაუშვეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ ერთი ჯარიმაც მიიღეს და მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ პრემიალურ ქულას გამორჩნენ.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ბურჯი ბაზაძე, რომელმაც 52 წუთი ითამაშა, 5 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. ყაულაშვილი განაცხადში არ იყო. მჭედლიძეს ამ დროს ესპანეთთან ულამაზესი ლელო გაჰქონდა, ხოლო თეთრაშვილიმა შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა, 3 შეტევით 4 მეტრი გაიარა და ერთი პასი გააკეთა.

გიორგი ნაცარაშვილის „პო“ „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერის გარეშე დაუხვდა და 3:15 დამარცხდა. სტუმრებმა 4 ჯარიმა და 1 არეკნი გაიტანეს. „პოს“, მაშინ, როდესაც 3:12 აგებდა, ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ უკვე მეტოქის ჩათვლის მოედანში შესულ მორაგბეს, ბურთი უწყინარ სიტუაციაში ხელიდან გაუვარდა.

ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა. მასპინძლებს დრამატულ მატჩში მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიემ“ 31:29 აჯობა. ეს ტულუზელთა ზედიზედ მეორე მარცხია და რა თქმა უნდა ეს შედეგი სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. მანამდე ისინი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ, ახლა კი, მეხუთემდე დაეშვნენ. სტუმართა ქართველი ბურჯები საქართველოს ნაკრებისთვის ირჯებოდნენ, კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 48 წუთი ითამაშა და 5 ბოჭვა შეასრულა.

„მონპელიემ“ პირველ ტაიმში ორი, ხოლო მეორეს დასაწყისში მესამე ლელო გაიტანა და საათის თავზე 28:12 იგებდა. „ტულუზმა“ სამი ლელოთი დასკვნით მეოთხედში უპასუხა, მაგრამ თავად ჯარიმა გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მესამე ლელო უკვე დამატებულ წუთებზე დადეს და ტიმოსი მატანავუმ, რომელიც ლელოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გარდასახვა ხელსაყრელი პოზიციიდან შესრულებულიყო. მაგრამ ჟან-მარკ დუსენმა მღელვარებას ვერ სძლია და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა.

ტოპ 14. XVI ტური

ტულონი - ბრივი 44:15

სტად ფრანსე - გრენობლი 18:33

კლერმონი - ოიონაქსი 44:16

აჟენი - ლა როშელი 31:27

პო - ბორდო 3:15

რასინგი 92 - კასტრი 9:13

ტულუზი - მონპელიე 29:31

1.

ტულონი

16

10

0

6

504:300

51

11

2.

რასინგი 92

15

11

1

3

318:273

49

3

3.

კლერმონი

15

9

1

5

412:267

48

10

4.

ბორდო

16

10

1

5

329:287

45

3

5.

ტულუზი

15

9

0

6

400:235

44

8

6.

მონპელიე

15

9

0

6

379:366

41

5

7.

კასტრი

15

8

0

7

324:310

37

5

8.

ბრივი

15

8

0

7

284:287

36

4

9.

გრენობლი

15

7

0

8

391:400

33

5

10.

ლა როშელი

15

6

0

9

319:340

31

7

11.

სტად ფრანსე

15

6

0

9

295:335

26

2

12.

პო

15

5

1

9

229:401

24

2

13.

აჟენი

15

3

0

12

309:442

15

3

14.

ოიონაქსი

15

3

0

12

249:499

14

2

XVII ტური. 4-6 მარტი

გრენობლი - კლერმონი, ბრივი - ტულუზი, რასინგი 92 - აჟენი, პო - სტად ფრანსე, ბორდო - ოიონაქსი, მონპელიე - კასტრი, ლა როშელი - ტულონი

ტულუზი - მონპელიე 29:31

ტოპ 14-ის მე-16 ტურის საუკეთესო ბოჭვები

წყარო - www.worldrugby.ge

თეგებიტოპ 14
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117957