ჭადრაკი

21:37 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ჟაოს წაფორხილებით ვერ ისარგებლა

ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის უკანასკნელი ტურის წინ, სატურნირო ცხრილში უაღრესად საინტერესო ვითარება შეიქმნა, რასაც ხელი დღევანდელ პარტიებში ლიდერების წაფორხილებამ შეუწყო.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის თავზე ტურნირს 6.5-6.5 ქულით ჩინელი ქსუე ჟაო (2506) და ქართველი ნანა ძაგნიძე (2529) ლიდერობდნენ და ისე მოხდა, რომ ბოლოსწინა ტურში ორივემ მარცხი განიცადა.

ჟაომ თეთრი ფიგურებით II ეტაპის უმთავრეს სენსაციად მიჩნეულ ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰთან (2403) წააგო, ხოლო ძაგნიძე ასევე თეთრებით ჩინელ ვენჯუნ ჟუსთან (2558) დამარცხდა.

შედეგად, 7.0-7.0 ქულით პირველ-მეორე ადგილებს სწორედ ჟუმ და ხადემალშარიეჰმა გადაინაცვლეს, ჟაოს და ძაგნიძეს კი 6.5-6.5 ქულა შერჩათ და მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ.

23 თებერვალს, თეირანულ შეჯიბრზე ბოლო ტურის პარტიები შედგება. ძაგნიძე შავი ფიგურებით 5.5 ქულით მე-5 საფეხურზე მყოფ რუს ნატალია პოგონინას (2454) ეთამაშება, ჟაო კი ასევე შავებით კიდევ ერთ რუს ვალენტინა გუნინას (2496) გაეჯიბრება.

არანაკლებ რთული ბრძოლები ელით ლიდერებსაც, იმ განსხვავებით, რომ ისინი თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ჟუ ძალებს ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2511) მისინჯავს, ხადემალშარიეჰი კი უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2484) დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, 12 მონაწილეს შორის ისევ ბოლო ადგილზე რჩება შეჯიბრის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი, რომელიც თეთრებით ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) დაუზავდა. ბაციაშვილს 2.5 ქულა მოუგროვდა, დასკვნით პარტიას კი შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგთან (2521) გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107251