ფეხბურთი

15:04 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია - ლა ლიგის მომავლით...

გიორგი აბურჯანია ესპანეთში ახალი გადასულია და უცხო გარემოში თავს უკვე იმკვიდრებს. ქართველმა ნახევარმცველმა ტარაგონას “ხიმნასტიკის” რიგებში მხოლოდ სამი თამაშის ჩატარება მოასწრო (აქედან ორჯერ ძირითადში) და ჯამში თავის გუნდს 4 ქულა მოუტანა. დიახ, რომ არა გიორგის შესანიშნავი მოქმედებები ჯერ “ჟირონასთან”, მერე “ელჩესთან” შეხვედრებში არავინ უწყის კატალონელები მეტოქეებთან ქულების დაგროვებას მოახერხებდნენ თუ არა...

გიორგი, “ნასტიკში” ახალი ჩარიცხული გახლდათ, როდესაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ესპანეთი მისი კარიერისთვის ტრამპლინი უნდა გამხდარიყო, ხოლო მეორე ინტერვიუში ისიც განაცხადა, "ხიმნასტიკის" ლიდერი უნდა გავხდეო... ეს უკანასკნელი თითქოს თამამი განცხადებაა, მაგრამ აბურჯანიას კარგად აქვს გათავისებული და გააზრებული თითოეული სიტყვა, რომელსაც ამბობს. ეს ყველაფერი მანამდე თქვა, სანამ პირინეის ნახევარკუნძულზე თავს კარგი თამაშით გამოიჩენდა.

მის მიერ გაკეთებული ორივე საგოლე გადაცემა ტყუპისცალივით წააგვადა ერთმანეთს – “ჟირონასთან” მოედნის ცენტრში თავისუფალი სივრცე შენიშნა და ბურთი მანამ ათრია, სანამ ხოსე ნარანხო მეკარეს პირისპირ არ შეჰყარა – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელდაც ქართველი დებიუტანტი დასახელდა. გავიდა ერთი კვირა და ესპანური ლა ლიგის შარშანდელი ბინადრის, "ელჩეს" შუა ხაზი ისე გაიარა, თითქოს მოედანზე მარტო ყოფილიყო. საგოლე პასი კი, ამჯერადაც ნარანხოზე გააკეთა – ისევ მეკარეს შეატოვა!..

აბურჯანია თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილია, თუმცა საქართველოს უმაღლეს ლიგაში დებიუტი რუსთავის “მეტალურგის” რიგებში ჰქონდა ჯერ კიდევ 2010 წელს. მერე მის კარიერაში გორის “დილაც” იყო, საიდანაც კვიპროსზე, კერძოდ, ფამაგუსტას “ანორთოსისში” ამოჰყო თავი. კუნძულზე ნიჭიერმა ქართველმა შუახაზელმა წელიწადნახევარი გაატარა და ბევრი ჩვენებურისგან განსხვავებით, სათადარიგო სკამი მისთვის უცხო რამ გახლდათ. შრომაც დაუფასდა – ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი ხელწამოსაკრავი სულაც არაა და თანაც ისეთ გუნდში მოხვდა, რომელიც პრიმერაში გადასვლის რეალური კანდიდატია. ვინ იცის, ეგებ დამდეგი შემოდგომიდან გიორგი მართლაც ვიხილოთ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და დარწმუნებული იყავით, თავს არც იქ შეირცხვენს.

პარადოქსია, თუმცა აბურჯანიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ჯერაც არ მოურგია. არადა, უკვე 21 წლისა. მაგრამ, იქნებ ვინ იცის, უკეთესიც იყოს, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში ნაადრევ დებიუტს ბევრისთვის კარგი არაფერი მოუტანია და გახსენებადაც არ ღირს. სამაგიეროდ, გიო 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში დაეწაფა სამშობლოსათვის თამაშს და ყველა ზემოხსენებულ გუნდში საკვანძო ფიგურაც იყო და არის...

ახლა, რაც მთავარია იქ მოხვდა, სადაც თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში კარიერულად გაზრდის ჩინებული შესაძლებლობა ექნება. მთავარია იშრომოს და მიღწეულზე არ შეჩედრეს. შრომა კი მას ნამდვილად არ ეზარება და არც ე.წ. “თავში ავარდნები” სჩვევია. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მაგრამ დასაწყისი დამაიდებელი და მომნუსხველია, დანარაჩენს მომავალში ვნახავთ.

0.123876