ფეხბურთი

14:06 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “ჩემი მიზანია “ხიმნასტიკის” ლიდერი გავხდე”
“იმედია, ნაკრებში კარგი ატმოსფერო შენარჩუნდება, ის ხომ ქვეყნის სახეა”

გიორგი აბურჯანია ტარაგონას “ხიმნასტიკში” ერთი თვის წინ გადაბარგდა, თუმცა დებიუტი მხოლოდ გასულ უქმეებზე, “ტენერიფესთან” (2:1) მატჩში ჰქონდა. როგორც აბურჯანიამ worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მისი მიზანი “ხიმნასტიკის” არათუ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, არამედ გუნდის ლიდერობაა.

აქვე გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირგვლის აგორებულ თემასაც შეეხო და 21-წლამდე ნაკრებში გია გეგუჩაძის დანიშვნას მიესალმა.

- როგორ მიდის ადაპტაციის პერიოდი და თავს როგორ გრძნობ ესპანეთში?

- თავს ძალიან კარგად ვრგძნობ და ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ გარემოს, გუნდის სათამაშო სტილს. ადაპტაცია თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა უკვე ყველაფერი რიგზეა.

- ბოლო ტურში დებიუტიც გქონდა...

- 2:1 მოვიგეთ. საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და თამაშისგან სიამოვნება მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მეტი ქულა დავაგროვოთ, გუნდმა დასახული მიზანი რომ შეასრულოს და პლეი-ოფში მოხვდეს.

- მთავარი მწვრთნელი, ვისენტე მორენო თუ გესაუბრა მატჩის შემდეგ?

- კი რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი. ყოველდღე მელაპარაკება და მიხსნის თუ რას ითხოვს ჩემგან, რისი გაკეთება მევალება ამა თუ იმ სათამაშო სქემაში და სტანდარტულ სიტუაციაში. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

- ყველაზე მეტად ადაპტაციაში ხელს რა გიშლის?

- ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე ძირითად შემადგენლობაში მოვიპოვო ადგილი და გუნდის ლიდერი გავხდე. რამდენად გამომივა, ამას ვნახავთ... ადაპატაციაში ხელს ენის ბარიერი მიშლის. მწვრთნელს ყოველთვის მესამე პირის საშუალებით ვესაუბრები, რაც დისკომფორტს ქმნის. ამ პრობლემის მოგვარებაში გუნდი მეხმარება და მასწავლებელი ამიყვანეს. სპეციალური პროგრამით კვირაში ორჯერ ესპანური ენის კურსს გავდივარ.

- გიორგი, ესპანურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ “ხიმნასტიკმა” ტრანსფერში 150 ათასი ევრო გადაიხადა. მართალია?

- მე არ ჩავრეულვარ გუნდებს შორის მოლაპარაკეკებში და არ მაქვს ინფორმაცია თუ რა თანხაზე შეთანხმდნენ.

- კახა ცხადაძის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე რას ფიქრობ და 21-წლამდელებში გია გეგუჩაძის დანიშვნაზე რა აზრის ხარ?

- კახა ცხადაძესთან დაკავშირებით არ ვიქნები კომპეტენტური, რადგან მასთან არასდროს მიმუშავია თუნდაც ერთ შეკრებაზე. გარედან ჩანდა, რომ ნაკრები ერთ მუშტად იყო შეკრული და იმედი მაქვს ასევე დარჩება. ვინც უნდა დაინიშნოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად წარმატებებს ვუსურვებ, ქვეყნის პირველი გუნდი ხომ ქვეყნის სახეა... რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ჩივაძეს. ამ კაცმა ბევრი რამ გვასწავლა და ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან მუშაობა. გია გეგუჩაძესთან აქამდე არ მქონია მუშაობის საშუალება. ისე კი, ძალიან გამიხარდა, რომ 21-წლამდელებში დანიშნეს. მისი ხედვა ფეხბურთისადმი ჩემთვის იდეალურია და ვფიქრობ, წაადგება გეგუჩაძის გამოცდილება არამხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებს, მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

0.129259