ფეხბურთი

10:43 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაუნდობელი “ბარსელონა” და შერცხვენილი “ვალენსია” (+VIDEO)

ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გუშინ “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუხვდა.

კლუბების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე უპირობო ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, თუმცა იმ ანგარიშს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.

სტუმრებს ფეხბურთის თამაშის არანაირი სურვილი არ აღენიშნებოდათ. თითქოს შემთხვევით იყვნენ მოედანზე მოხვედრილნი და არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. საერთოდ ზედმეტია ტაქტიკაზე საუბარი და ალბათ, თავად გარი ნევილმა არ იცის, თუ რა ტაქტიკით თამაშობს “ვალენსია”. ნუნუ ესპირიტო სანტოს ხელში მიმდინარე სეზონში “ლოს ჩე” ცუდად თამაშობდა, თუმცა ნევილის მოსვლის შემდეგ კლუბი ისე ამაზრზენად გამოიყურება, რომ გულშემატკივრებს პორტუგალიელი სანატრელი გაუხდათ...

“ბარსელონამ” კი მეტოქის უსუსურობა იგრძნო, სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი და უმალ მთელი ძალებით თავს დააცხრა, რამაც შედეგი მე-7 წუთზე გამოიღო. მოედნის ცენტრში ანდრე გომეშმა დაკარგა ბურთი, რასაც მასპინძელთა უსწაფესი იერიში და ლუის სუარესის გოლი მოჰყვა. კატალონიელებმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძეს და ხუთ წუთში ურუგვაელმა ფორვარდმა უკვე დუბლი გაიფორმა. 29-ე წუთზე კი უკვე ლიონელ მესის ჯერი დადგა, რომელმაც ახლო მანძილიდან შესანიშნავი კომბინაცია დააგვირგვინა. არგენტინელს ცოტა ხანში მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ის მოხდა, რამაც ისედაც გასაცოდავებული “ვალენსია” საბოლოოდ გატეხა. იგლესიას ვილანუევამ შკოდრან მუსტაფი არ დაინდო, წითელი ბარათი უჩვენა და რაიანის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ნეიმარმა ვერ გამოიყენა.

სტუმრები ჯერ 11 რა იყვნენ და 10 ხომ საერთოდ... მეორე ნახევარში სუარესმა და მესიმ კიდევ ორ-ორი გოლი გაიტანეს და სტუმრებს ისეთი მარცხი აწვნიეს, რომელიც 1993 წლის შემდეგ მათთვის უცხო იყო (“კარლსრუესთან” ჰქონდა უეფას თასზე ასეთი ანგარიშით წაგებული).

აღსანიშნავია, სტუმართა რიგებში დენის ჩერიშევის დებიუტი, რომელსაც “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკა ისეთი ოვაციებით შეხვდა, რომ თითქოს რუსი “ბლაუგრანას” მოთამაშე ყოფილიყოს. მიზეზი კი ყველასთვის გასაგებია – სწორედ მის გამო მოხსნეს “რეალი” ესპანეთის თასიდან. ისე კი, ჩერიშევმა საგოლე გადაცემა გაუკეთა როდრიგო მორენოს, რომელზეც მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და საწყალ სტუმრებს გოლი გაუუქმა.

ბარსელონა – ვალენსია 7:0 (3:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე (ბარტრა 61), მატიე, ალბა (ადრიანო 70), ვიდალი, ბუსკეტსი, თურანი, ინიესტა (რობერტო 46), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ვალენსია (4-2-3-1): რაიანი, მუსტაფი, სანტოსი, სიკეირა (ვეზო 46), ბარაგანი, ბარბოსა (ფეგული 33), პარეხო, გომეში, გაია, კანსელო (ჩერიშევი 58), როდრიგო.
მწვრთნელი: გარი ნევილი

გოლები: ლ.სუარესი (7;12;83;88), მესი (29;59;74)
გაფრთხილებები: ინიესტა, პიკე, თურანი – ფეგული, ჩერიშევი
გაძევება: მუსტაფი (45+2)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

45+2 წუთზე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)

0.115201