ფეხბურთი

10:35 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე "ნაპოლისთან" დაბრუნდა, აბურჯანიას ესპანეთში დებიუტი ჰქონდა
აზერბაიჯანში სენსაცია კვირტიას გოლმა მოახდინა

ლევან მჭედლიძე სერია ა-ში გამოჩნდა. ტრავმამომუშებულმა ქართველმა ფორვარდმა "ნაპოლი"-"ემპოლის" შეხვედრაში შეცვლაზე 22 წუთი ითამაშა. ემპოლელებმა 1:5 წააგეს და ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზე არიან. ლევანი აქტიური არ ყოფილა, საერთოდაც, თამაშს მთლიანად ნეაპოლელები აკონტროლებდნენ.

რაც უნდა იყოს, სასიამოვნოა, რომ მჭედლიძე ჯანმრთელადაა და ტრავმიანი პერიოდი უკან მოიტოვა. აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა სერია ა-ში.

ესპანურ სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას დებიუტი შედგა. "ხიმნასტიკის" ქართველმა ნახევარმცველმა "ტენერიფესთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა: 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ხიმნასტიკი" მეექვსე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსანთან მხოლოდ 3 ქულას აგებს.

კვიპროსზე "პაფოსმა" შინ 2:1 მოუგო "ომონიას" და ბოლოდან მესამე ადგილზეა. "პაფოსში" პირველ წრეში თუ ხუთნი იყვნენ, ერთი ქართველიღა დარჩა: ლევან ხმალაძე. მან შეუცვლელად ითამაშა.

"ეთნიკოსმა" აეკ ლარნაკასთან 0:1 წააგო და მეცხრეზე დარჩა. "ეთნიკოსში" ორმა ქართველმა ითამაშა და ორივემ შეცვლაზე: ელგუჯა გრიგალაშვილმა ბოლო ნახევარი საათი, ხოლო რევაზ ბარაბაძემ - ბოლო 7 წუთი. მესამე ქართველი, შოთა გრიგალაშვილი დაშავებულია.

აზრბაიჯანში სენსაცია დაფიქსირდა და ეს მოხდა ქართველი ფეხბურთელის გოლით: მეშვიდეადგილოსანმა აზალ-მა ლიდერ "ყარაბაღს" ნუგზარ კვირტიას გოლით აჯობა - 1:0. კვირტიამ შეცვლაზე ითამაშა, ხოლო აზალ-ის კიდევ ერთი ქართველი სანდრო გურული შეუცვლელად გაისარჯა.

ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" "ზირასთან" სტუმრად 1:2 წააგო და მესამე ადგილზეა, 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ყარაბაღს". "ინტერის" სასტარტოში ოთხი ქართველი იყო: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა სალუქვაძე.

საბერძნეთში გიორგი მერებაშვილის "ლევადიაკოსმა""ასტერასთან" 0:2 წააგო და მეცხრე პოზიციაზეა. მერებაშვილმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო.

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის "ფეირენსემ" 1:0 მოუგო "ფარენსეს" და მეოთხე ადგილზეა, ანუ უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის. კარგია, რომ მაკარიძემ ამჯერადაც მშრალად შეინახა კარი.

0.119676