ფეხბურთი

2:00 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: არაბიძემ რონალდინიოს წინააღმდეგ ითამაშა

აშშ-ში Florida cup-ის მატჩი გაიმართა დონეცკის “შახტარსა” და ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” შორის. შეხვედრა 1:1 დასრულდა. გიორგი არაბიძე 79-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, როცა “შახტარი” 1:0-ს იგებდა. სხვათა შორის, “ფლუმინენსეში” ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ, რომელსაც ამერიკელი გულშემატკივრები დიდი ოვაციით შეხვდნენ.

სხვა ლეგიონერებზეც ვთქვათ: ჯერ მწვრთნელზე... თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატში 3:0 სძლია “პარალიმნის” და მესამე ადგილზეა. ქეცბაიას გუნდი 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლარნაკას აეკ-ს.

კვიპროსზევე, “ეთნიკოსმა” “ერმისს” გასვლაზე 2:1 აჯობა და მერვე პოზიციაზეა. “ეთნიკოსში” დებიუტი ჰქონდა 27 წლის ფორვარდ რევაზ ბარაბაძეს, რომელმაც ჩემპიონატის პირველი წრე ცხინვალის “ლიახვში” გაატარა. ამ ზამთარს ბარაბაძის თბილისის “ლოკომოტივში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფეხბურთელმა კვიპროსს მიაშურა. “ეთნიკოსში” ძმები, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილებიც არიან. “ერმისთან” მხოლოდ შოთამ ითამაშა, ბოლო ნახევარი საათი.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას დებიუტი გადაიდო. “ხიმნასტიკის” ქართველი ახალწვეული სათადარიგო იყო ლიდერ “ალავესთან” გასვლით შეხვედრაში და თამაშმა არ მოუწია. “ხიმნასტიკმა” 3:1 იმარჯვა და მეშვიდე ადგილზეა, თუმცა პრიმერაში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.

პორტუგალიის პირველ ლიგაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” 4:1 აჯობა “ბრაგა ბ”-ს და მესამე ადგილზეა. ავთომ შეუცვლელად ითამაშა და ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” კი “ავეშთან” გასვლაზე 0:1 წააგო და მეხუთეზეა. გადასვლის კარგს შანსს ორივე ქართველი ლეგიონერის გუნდი იმსახურებს.

თურქეთში “რიზესფორმა” შინ 2:3 წააგო “გენჩლერბირლიგისთან” და მეცხრე საფეხურზეა. რიზელთა განაცხადში არ ყოფილა ნიკა ძალამიძე, რომელიც შესაძლოა, პოლონურ “პოგონში” გადავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120633