ფეხბურთი

22:58 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: “როსტოვს” ნიკასთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია”
“იყო ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჰოლანდიის წამყვანი ხუთეულიდან”

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანმა “როსტოვმა” ნიკა კაჭარავას კონტრაქტი გაუფორმა და “ცხინვალს” 300 000 ევროსაც გადაუხდის. თუმცა ყველაფერი ასე გადაწყვეტილი არაა. “მსოფლიო სპორტი” “ცხინვალის” მწვრთნელს, ნიკას მამას, კახა კაჭარავას ესაუბრა.
მისგან სხვა საინტერესო წინადადებზეც შევიტყვეთ, რომლებიც ნიკას ჰქონდა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ პრიორიტეტული “როსტოვია”.
კახა კაჭარავა: - 10 იანვარს ნიკა “როსტოვს” შეუერთდება და აბუ-დაბიში გაჰყვება შეკრებაზე. კონტრაქტი ჯერ არაა გაფორმებული. მხოლოდ იმაზე ვართ შეთანხმებულნი, რომ ნიკას საქმეში ნახავენ. საერთოდ, არ მიყვარს წინასწარ საუბარი და გაბუქება. ნიკა “როსტოვის” ფეხბურთელი გახდება მაშინ, როცა კონტრაქტს გააფორმებს. კლუბი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
- დაიწერა სატრანსფერო თანხაზეც: 300 000 ევროზე.
- არაა სწორი ინფორმაცია. საქართველოს ჩემპიონატიდან ამ ფასად ფეხბურთელის გაყიდვა ძნელია.
- როგორც ვიცით, “როსტოვის” გარდა, სხვა ვარიანტებიც იყო.
- დიახ. იყო დანიის, პოლონეთის, კვიპროსის, მაკედონიის, გერმანიის მეორე და პირველი ბუნდესლიგის, ასევე ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი გუნდიდან ინტერესი. ოღონდ, ეს გუნდი “ვიტესი” არაა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ წამყვანი ხუთეულის კლუბია.
- და რატომ მაინცდამაინც “როსტოვი”?
- ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელებს სურდათ, რომ ნიკა 10 დღით ჩასულიყო მათთან, ევარჯიშა და ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მართალია, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელია, მაგრამ აქეთ-იქით ტარება რაც არის, ეს ბევრს გამოუცდია და უმეტეს შემთხვევაში, არაფერი გამოსულა საქმიდან. “როსტოვისგან” უფრო მეტი ინტერესი წამოვიდა, თანაც, სოლიდური კლუბია, მეორე ადგილზეა პრემიერლიგაში, რაც ბევრს ნიშნავს.
- მწვრთნელ ყურბან ბერდიევის ფაქტორიც გაითვალისწინეთ? ის ხომ “რუბინს” წვრთნიდა, სადაც ნიკა ერთი პერიოდი თამაშობდა კიდეც.
- უმთავრესი ფაქტორი სწორედ ეს იყო. ბერდიევი ნიკას შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მოსწონდა და შეკრებაზეც ჰყავდა პირველ გუნდთან ერთად. ჩავთვალე, რომ “როსტოვი” რეალური ვარიანტია, წინასწარ კონტრაქტზე კი ვერ ვილაპარაკებ, ჯერ უნდა გაფორმდეს.
- “ცხინვალის” ამბებზე: როგორც ვიცით, ბევრი სხვა გუნდის მსგავსად, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტას ელით.
- ასეა. დავგეგმეთ თურქული შეკრება და ამხანაგური მატჩები საკმაოდ კარგ გუნდებთან, მაგრამ ჯერ დაფინანსების საკითხის გადაწყვეტას ველოდებით. ისე, ვარჯიში დავიწყეთ ჯერ კიდევ 25 დეკემბერს, მერე რამდენიმე დღე დავისვენეთ საახალწლოდ. ხვალიდან ისევ ჩვეული რიტმით გავაგრძელებთ “ბასას” ბაზაზე.
- ნიკა კაჭარავას გარდა, გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და ალბათ, ახალწვეულებიც გეყოლებათ.
- ომარ მიგინეიშვილი, აკაკი შულაია და რატი ცაცკრიალაშვილი წავიდნენ. ახლებს რაც შეეხებათ, გვაქვს მოლაპარაკებები და შეთანხმებასაც ბევრი არაფერი უდგას წინ, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობები არ ვიცით, როგორი გვექნება და ამიტომაც, ფეხბურთელებს ზუსტ პასუხს ვერ ვეუბნებით. ჯერ ვიცდით.

0.127094