ფეხბურთი

3:53 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიამ "ხიმნასტიკში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანეთშია და ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” ტარაგონას “ხიმნასტიკში” გადასვლას დღე-დღეზე ელოდება. როგორც აბურჯანიამ worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ესპანურ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ფორმალური საბუთების გაფორმებას ელოდება, რის შემდგომაც ტარაგონელებთან 2.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“ამჟამად ესპანეთში ვიმყოფები და ფორმალობების მოგვარებას ველოდები. კონტრაქტი ორ წელიწადნახევრიანი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ჯერ ისევ “ანორთოსისის” ფეხბურთელი ვარ. წესითა და რიგით, ყველაფერი 2-3 დღეში მოგვარდება და “ხიმნასტიკის” ფეხბურთელი ოფიციალურად გავხდები”, - გვითხრა აბურჯანიამ.

გიორგი ფამაგუსტას “ანორთოსისში” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და მას შემდგომ კვიპროსული გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ. რაც შეეხება “ხიმნასტიკს”, ერთ დროს ლა ლიგის ბინადარი, მიმდინარე სეზონში სეგუნდა დივიზიონის მეხუთე ადგილზეა და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის ამ გუნდში ქართული ფეხბურთისთვის ნაცნობი ფიგურა, ჩისკო მუნიოსი თამაშობს, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში თბილისის “დინამოში” ირჯებოდა.

0.124858