ფეხბურთი

14:23 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსზე ორი ქართული გოლი გავიდა, კანკავა მესამე დივიზიონის გუნდთან დამარცხდა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ორი ქართული გოლი გავიდა. “პაფოსი” შინ “პარალიმნის” დაუზავდა (3:3). მასპინძელთა რიგებში მე-9 წუთზე თავი ლევან ხმალაძემ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა (1:1). ლევანის მსგავსად როინ კვასხვაძემ შეუცვლელად ითამაშა.

“პაფოსის” რიგებში არ გამოჩენილან ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი. ისინი სავარაუდოდ კვიპროსულ გუნდს დატოვებენ, ისევე როგორც გია გრიგალავა ოფიციალურად დაშორდა “პაფოსს”.

“ახნასის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა. ქართველმა ლეგიონერმა “აია ნაპასთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (3:2) დიდი წვლილი შეიტანა. მე-8 წუთზე შოთა საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი ზუსტად თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა კარლოს კოტომ შეასრულა. 76-ე წუთზე კი გრიგალაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა.

“ანართოსისმა” შინ “ომონია” მიიღო და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემ და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი აბურჯანია კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

“პაფოსი” 12 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო “ახნასი” 15 ქულით მე-9 პოზიციაზეა. “ანართოსისი” პირველ დივიზიონში მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ “აეკს” 1 ქულით ჩამორჩება.

ჯაბა კანკავას “რეიმსმა” საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში მესამე დივიზიონის გუნდ “შამბლისთან” სტუმრად 4:1 წააგო და გათამაშებას დაემშვიდობა.

0.121368