სხვა

23:33 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა

მარნეულში დასრულდა კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები იღებდნენ.
საინტერესო იყო ტურნირის მეორე დღე. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა რაულ ცირეკიძე, რომელიც მანამდე 94 კილოგრამში იყო, ახლა კი წონა შეიცვალა. ცირეკიძის პირველი ცდა წარმატებული იყო. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯამში 360 კილოგრამი დააფიქსირა და სამომავლოდ, კარგი პერსპექტივა აქვს. აღნიშნულ წონაში არ გამოვიდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გიორგი ჩხეიძე, რომელიც ბაქოში, საერთაშორისო ტურნირში იღებს მონაწილეობას.
მძიმე წონაში ლაშა ტალახაძეა. და ლაშა ამ ტურნირის, მთელი სეზონის, ძალოსნობის, ქართული სპორტის მთავარი თემაა. ლაშა მსოფლიოს ჩემპიონია. და მარნეულში სოლიდური ფორით მოიგო. ტალახაძე უმატებს და ტალახაძე ლოკალურ ტურნირზე ვარსკვლავი იყო.
ლაშა ტალახაძე: „ყველა წარმატება, ყველა ტურნირის მოგება მნიშვნელოვანია. ყოველთვის ყველა ტურნირის მოგება მინდა. ჩემთვის სასიამოვნო და საპატიოა მოვიგო ლეგენდარული სპორტსმენის, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს“.
ტურნირზე საუკეთესო აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებისთვის ცალკე პრიზები იყო დაწესებული.
საუკეთესო სომეხი მონაწილის პრიზი სიმონ მარტიროსიანმა მიიღო. საუკეთესო აზერბაიჯანელი ნალიხან ნაბიევი გახდა.
გუნდურ ჩათვლაში მოიგო საჩხერემ (198 ქულა). მეორე ადგილზე გადის ქუთაისი- 192. მესამეზე - ზუგდიდი (181).
ტურნირი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გიორგი ასანიძემ შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. ორ დღეში დიდი ინფორმაცია მივიღე და სპორტსმენებისთვის აქ გამოსვლა აუცილებელია. ისინი აკვირდებიან საკუთარ თავს, აკვირდებიან მოწინააღმდეგეებს, სწავლობენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს, რომელიც ძალოსნობის ერთგული გულშემატკივარი და ამ სახეობის მეგობარია. საერთაშორისო სტატუსი უკვე მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობა და რეიტინგი. ეს მხოლოდ დასაწყისია. კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი უფრო დიდი გახდება“, - თქვა ასანიძემ.
კმაყოფილი იყო მარტიროსიანიც.
„კახი კახიაშვილი ლეგენდაა,მაგრამ არ ეტყობა, რომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ძალიან თავაზიანი, სასიამოვნო ადამიანი, რომელიც უშუალო და მეგობრულია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა,რომ თქვენთან კიდევ ერთხელ ჩამოვიდე“, - ეს არის მარტიროსიანი.
85 კილოგრამი: 1. ირაკლი ჩხეიძე (ზუგდიდი), 317 (144+173); 2. რეზი დავითაძე (თბილისი), 315 (142+173); 3. ირაკლი ფაჩულია (ქუთაისი), 255 (118+137).
94 კილოგრამი: 1. ლონგინოზ ბრეგვაძე (საჩხერე), 347 (157+190); 2. გიორგი კუჟანაშვილი (თბილისი), 299 (128+171); 3. ირაკლი ჯალაღონია (ზუგდიდი), 299 (131+168).
105 კილოგრამი: 1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი), 360 (162+198); 2. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი), 360 (165+195), 3. გიორგი მაისურაძე (თბილისი), 340 (160+180).
105+ კილოგრამი: 1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 438 (203+235); 2. დავით ხეცურიანი (ქუთაისი), 339 (151+188); 3. ბაქარ თურმანიძე (ქობულეთი), 326 (154+178).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109962