კალათბურთი

14:00 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ბავშვებს: “განათლება და შრომა – წარმატებული კარიერის წინაპირობაა”

გასულ უქმეებზე ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსი” ვაშინგტონში “უიზარდსს” სტუმრობდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ერთი კარგი საქმის გაკეთებაც მოასწრო.

ფაჩულიამ აშშ-ში საქართველოს საელჩოს და ქართული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც შტატებში მცხოვრები ქართველი ბავშვებიც ესწრებოდნენ. “განათლება და დაუზარელი შრომა – აი, ეს არის წარმატების წინაპირობა”, - ასე მიმართა ზაზამ მათ.

ქართველმა ვარსკვლავმა მის მიერ თბილისში გახნილი აკადემიის შესახებაც ისაუბრა, სადაც უკვე 250 ბავშვი ვარჯიშობს. აკადემიაში მოზარდებს უშუალოდ საკალათბურთო ნიუანსების გარდა, ფსიქოლოგიას და ინგლისურ ენასაც ასწავლიან. ზაზას აზრით, ეს კომპონენტები წარმატებული კარიერისთვის ასევე საჭიროა. “მინდა, ქართველი ბავშვები ნაღდ კალათბურთს ვაზიარო”, - დასძინა კაპიტანმა.

ფაჩულიას მადლობის გადახდა არც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის დავიწყნია, რომლებსაც ზაზას პერსონალური ფან-ჯგუფიც აქვთ შექმნილი. “ჩემთვის ვაშინგტონში ჩამოსვლა ყოველთვის ამაღელვებელია, რადაგანაც ყველაზე დიდი ქართული სათვისტომო მხვდება. თქვენი თანადგომა განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს. ამასთან, ამაყი ვარ, რომ საქართველოს წარმოვადგენ”.

მოგვიანებით, ზაზა აღნიშნულ შეხვედრას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გამოეხმაურა, სადაც დაწერა: “დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს, ქართულ ასოციაციას და ქართველ ემიგრანტებს ესეთი დახვედრისთვის და ლამაზი საღამოსთვის”.

0.151742