რაგბი

17:42 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო საუკეთესოთა შორის - მამუკა გორგოძე

გასულ შაბათს საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც “კლერმონი” “ტულონს” მასპინძლობდა, გუნდების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ქართველი ქართველი ლეგიონერი იყო. ეს ფაქტი თავისთავად უკვე მრავლისმეტყველია, მოგვიანებით კი, ორი მათგანი, ტულონელი ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ. ამავე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა “მონპელიეს” ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი.

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონი ტოპ 14 - ევროპაში გარანტირებულად საუკეთესო და მსოფლიოში ორ უძლიერეს საკლუბო ტურნირიდან (ზე-რაგბისთან ერთად) ერთ-ერთია და იქ თამაშობენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, ახალზელანდიელი ვარსკვლავები, ფინალისტი ავსტრალიელები, უელსელი, ინგლისელი, ირლანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, არგენტინელი ტოპ-კლასის მოთამაშეები და რა თქმა უნდა სამოელი, ფიჯელი, ტონგელი, შოტლანდიელი და იტალიელი მორაგბეები. როცა ასეთ შემადგენლობაში, ტურის სიმბოლურ ნაკრებში, 15 საუკეთესოში 3 ქართველი ხვდება, უკვე დიდი მიღწევაა და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი (ან ერთდროულად რამდენიმე ქართველი) ხვდება.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ მამუკა გორგოძე ყოფილა, რომელიც ზემოთნახსენებ დერბიში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. არადა, “ტულონის” შემადგენლობაში მოხვედრა, რომელიც თავის თავად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია საუკეთესო შემადგენლობით, უკვე უდიდესი საქმეა და წარმოიდგინეთ რამდენად უკეთესი უნდა იყოს ქართველი ზელანდიელ, ავსტრალიელ, სამხრეთ აფრიკელ, არგენტინელ, ინგლისელ და ფრანგ ვარსკვლავებზე, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელონ. მაგრამ მისი გამორჩეული თამაში მხოლოდ ამით არ დასრულებულა და www.rugby-transferts.com-ის გამოკითხვაში, რომლის მიზანიც ტოპ 14-ის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაა, ქართველთა სიამაყე ხმათა 30%-ით ლიდერობს!

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, worldsport.ge 31 წლის “ბორჯღალოსანს” საფრანგეთში დაუკავშირდა, მაგრამ ძალიან ძნელია ესაუბრო გორგოძეს მის წარმატებაზე, გამორჩეულობაზე და საუკეთესოობაზე. ასეთ დროს ის პატარა ბავშვივით მორცხვი ხდება, მაქსიმალურად ცდილობს სიჩუმით, ან რაიმე მეთოდით კითხვა აირიდოს, ან საუბარი სხვა ჭრილში გადაიყვანოს და ყოველთვის, როდესაც ის მსგავს სიტუაციაში ხვდება, საუბრის გაბმა რთულდება:

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის, გულშემატკივრის სიყვარულია და სასიამოვნოა, როდესაც მსგავს გამოკითხვებში ამ სიყვარულს გრძნობ, მაგრამ ვერაფრით ამიხსნია რითია გამოწვეული ეს ყველაფერი. საფრანგეთში უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, ჩემზე ბევრად ძლიერი მოთამაშე, რომლებიც მართლა საუკეთესოები არიან”.

მაგრამ მამუკა ამ საუკეთესოებს შორის მართლაც გამორჩეულია და სწორედ ამითაა გამოწვეული ის სიყვარული და აღიარება, რომელსაც ფრანგი გულშემატკივარი ქართველს აჯილდოვებს. გორგოძეს ჰქონია თამაშები, როდესაც თავი ბევრი ვერაფრით გამოუჩენია, მაგრამ ამ შემთხვევებშიც კი, მისი თავდადების ხარისხი უკიდურესად მაღალია და უბრალოდ შეუძლებელია მაყურებელმა ეს ვერ დაინახოს და დააფასოს. და როდესაც ამ თავდადებას თამაშის მაღალი ხარისხიც ემატება, მაშინ ნებისმიერს უჭირს კონკურენცია გაუწიოს ქართველ ლეგენდას და მისი საუკეთესოობაც ეჭვქვეშ ვერაფრით დადგება.

“კლერმონთან” მოგებული ისტორიული მატჩისას, ტულონელთა ფაქტობრივად ყველა შეტევის ორგანიზატორი გორგოძე იყო, მაგრამ ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თავისებურ ახსნას გვთავაზობს, მანამდე კი, განვლილ დერბიში ერთბაშად ოთხი ქართველის მონაწილეობაზე სიამაყით საუბრობს:

“კლერმონისა” და “ტულონის” მატჩი ტოპ 14-ში ისეთივე “კლასიკოდ” ითვლება, როგორიც მადრიდის “რეალის” და “ბარსელონას” შეხვედრაა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში მოედანზე ერთბაშად ოთხი ქართველი გადის. სამწუხაროდ, სრული ბედნიერებისთვის ამ მოვლენას ერთი ადამიანი დააკლდა მოწინააღმდეგე გუნდიდან - ვიტო კოლელიშვილი. მსოფლიო თასისთვის ისეთი მომზადება გავიარეთ, რომ ახლა ყველანი საუკეთესო ფორმაში ვართ და გასაკვირი არაა მოედანზე რომ ვიყავით. ესაა არა ჩვენი, ჩემი და იმ ოთხი მოთამაშის აღიარება, რომელიც მოედანზე ვიყავით, არამედ ესაა მთელი ქართული რაგბის წინსვლა და აღიარება.

რაც შეეხება თამაშს, ის მოულოდნელად იოლად, სარეკორდო სხვაობით მოვიგეთ. არადა, “კლერმონი” ძალიან მაგარი გუნდია კარგი მოთამაშეებით და უმაღლესი სრუქტურით. ვერაფრით ამიხსნია რა დაემართათ იმ დღეს და რატომ დამარცხდნენ ასეთი სხვაობით. ალბათ, მათ გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდათ და ეს ვერ გადალახეს.

რაც შეეხება “კლარმონთან” თამაშის ჩემზე აგებას, ეს მცდარი მოსაზრებაა. აქ ისეთი გუნდია, ისეთი შემადგენლობით, რომ არავინ არავიზე ნაკლები არაა. ინდივიდუალურად ყველა ძლიერია და ნებისმიერს შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება. პირადად მე, იმდენად ვარ მოწყურებული თამაშს, რომ ფაქტობრივად ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და მაქსიმალურად ვინდომებ. აქ თუ ყველა ვარჯიშზე არ დაამტკიცე შენი უპირატესობა, თამაშის მცირედი შანსიც არ გამოიყენე, იმდენად დიდია კონკურენცია, რომ შემადგენლობაში ადგილს მარტივად დაკარგავ”.

სწორედ ვარსკვლავთა სიმრავლეა იმისი მიზეზი, რომ გუნდი ტოპ 14-სა და ჩემპიონთა თასზე მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობს, თუმცა, ევროთასები გუნდმა წარუმატებლად დაიწყო და პირველ მატჩში “უოსპსთან” უშანსოდ დამარცხდა. ვარსკვლავთკრებულს ახლახანს მსოფლიოს ჩემპიონი “ოლ ბლექსელი” შუამარბი მაა ნონუ შეემატა, რომელსაც დებიუტი ტოპ 14-ის მომდევნო ტურში უნდა ჰქონდეს:

“ნონუ პირველი და უკანასკნელი ვარსკვლავი არაა, რომელსაც “ტულონში” ითამაშია. მანამდე აქ იყვნენ ჯონი უილკინსონი, ბაკის ბოთა, ტანა უმაგა, ახლაც თამაშობენ გიტო, კუპერი, ბასტარო, ერმიტეიჯი და სხვა ბევრი. ასე რომ, ნონუს მოსვლა არავის გაკვირვებია და ისიც გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ვარჯიშობს”.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა, წარმატებები და წინსვლა სწორედ საფრანგეთის უძლიერეს ლიგებში მოთამაშე ლეგიონერთა დამსახურება რომაა, ეჭვგარეშეა. მაგრამ ბოლო დროს ფრაგნებმა ლეგიონერებზე შეზღუდვა დააწესეს, წლიდან-წლამდე იზრდება გუნდების ვალდებულება და ისინი იძულებული ხდებიან შემადგენლობის ნახევარი (და მომავალში კიდევ უფრო მეტი) ადგილობრივი მოთამაშეებით დააკომპლექტონ, რაც რა თქმა უნდა ქართველ მოთამაშეთა გადინებას და მათი ოსტატობის დახვეწას, მნიშვნელოვნად დააზარალებს. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა საინტერესოა გორგოძის აზრი:

“იმ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია საფრანგეთში ვართ, უკვე იმხელა სახელი გვაქვს, არა მგონია ამ შეზღუდვით რამე დაგვაკლდეს, მაგრამ სამომავლოდ ეს ქართველი მოთამაშეებისთვის რა თქმა უნდა პრობლემა გახდება. ამაზე საქართველოს რაგბის კავშირმა უნდა იზრუნოს და თუ აქარ კლუბებში ახალგაზრდა, 18-20 წლის მოთამაშეები გადმოვლენ, 3 წლის შემდეგ ისინი სპეციალურ საბუთს მიიღებენ და თავისუფლად შეძლებენ ფრანგულ კლუბებში თამაშს”.

წარმოუდგენელია საუბრობდე მამუკა გორგოძეზე არ გაიხსენო მსოფლიო თასი, როგორც 2015, ასევე 2011 წლის გათამაშება. ჯამში, ამ ორ ტურნირში ჩატარებულ თამაშში, ის 4-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და რუმინეთთან და ტონგასთან აღიარება გარკვეულწილად უფერულდება, როდესაც გახსენდება, რომ მამუკა საუკეთესოდ ინგლისთან (2011) და თვით მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მატჩებში დაასახელეს. ქართველი განსაკუთრებით შთამბეჭდავი წლევანდელ მსოფლიო თასზე იყო და აბსოლუტურად ყველა გამოკითხვაში ტურნირის ნაკრებში მოხვდა. ზოგიერთმა გამოცემამ მას ნაადრევად უბოძა ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, სულ ბოლოს კი, უკვე ოფიციალურად, “მსოფლიო რაგბიმ” აღიარა გორგოძის განსაკუთრებული თამაში და მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში, 15 საუკეთესოში მიუჩინა ადგილი.

და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მართალია ისტორიული შედეგი აჩვენა და ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაშის მოგებით პირველად მოხვდა მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდში და ნაადრევად მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური, მაგრამ, რეალურად, “ბორჯღალოსნებმა” ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი, ორი მოგების წილ, ორი მარცხი განიცადეს და სოლიდური სხვაობებით, თუმცა, იმდენად დიდი იყო თავად მამუკა, რომ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და კიდევ ერთხელ ვთქვათ - გორგოძე გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელიც მოხვდა მსოფლიო თასის ნაკრებში პლანეტის სხვა 14 საუკეთესო მოთამაშესთან ერთად.

“რა უნდა ვთქვა? ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ახალ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ მაღიარებდნენ და მით უმეტეს ვერ ვიოცნებებდი, რომ მსოფლიოს ნაკრებში მოვხვდებოდი. ამას ნამდვილად არ ველოდი. კი, მანამდე სხვადასხვა გამოცემების ვერსიებში მოვხვდი, მაგრამ ოფიციალურ ნაკრებში მოხვედრა? ეს წარმოუდგენელი იყო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დაუმსახურებლად ქართველს ასეთ პატივს არავინ დასდებდა. მე არ ვარ ზელანდიელი, ან რომელიმე დიდი ნაკრების წარმომადგენელი და ჩემს მიმართ სპეციალისტებს განსაკუთრებული სიმპატია არ ექნებოდათ.

გუნდელები და გულშემატკივრები დღემდე მილოცავენ პირად და მთლიანად გუნდის წარმატებას. ამ მსოფლიო თასზე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ტონგასთან გამარჯვება იყო, რომელმაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა. ამის შემდეგ, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო ის წუთები, როდესაც ზელანდიასთან მატჩისას საუკეთესოდ დამასახელეს, ეს მთელმა “მილენიუმმა” აიტაცა და ტაშს უკრავდა. სირცხვილისგან არც კი ვიცოდი სად დავმალულიყავი, მაგრამ ერთი კია, ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება.

და კიდევ ერთი ქართველი გულშემატკივრის დამოკიდებულებაა. არგენტინასთან და ზელანდიასთან მარცხის შემდეგ, სრული თანადგომა გვქონდა, გვწერდნენ, გვამშვიდებდნენ, მაინც გმირებს გვიწოდებდნენ. წარმოიდგინეთ, გმირები არიან ის ადამიანები, ვინც ომში მიდიან, იღუპებიან, ჩვენ კი უბრალოდ ვთამაშობდით და ამ თამაშისთვის საკუთარ ქვეყანაში გმირებს გვიწოდებდნენ. ამაზე დიდი ბედნიერება ქართველი კაცისთვის არაფერია”.

პირადად ჩემი აზრია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე გორგოძის განსაკუთრებით ძლიერად თამაშში მის კაპიტნობას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამას მამუკაც აღიარებს, მაგრამ მაგრამ მიმართულებაში განსხვავებაა. ჩემი აზრით, ის იყო იდეალური ლიდერი, კაპიტანი და მისი ყველა ქმედებიდან ეს კარგად ჩანდა. ბუნებრივი ლიდერობა უცხოელ ჟურნალისტებსაც, ხოლო მოგვიანებით ორგანიზატორებსაც არ გამორჩებათ თვალთახედვიდან, მამუკა კი, კაპიტნობასთან დაკავშირებით ამბობს:

“ძალიან ბევრი მაგარი კაპიტნის ხელმძღვანელობით მითამაშია და ახლა, როდესაც მე ვიყავი კაპიტანი მსოფლიო თასზე, შემიძლია ვთქვა: როდესაც კაპიტანი არ ხარ, თამაშის წინ ყოველთვის ფიქრობ, ნეტავ როგორ ვითამაშებ, გამომივა თუ არა ყველაფერი კარგად და ხან გამოგდის და ხან არა. მაგრამ როდესაც უკვე კაპიტანი ხარ, იქ აუცილებლად მაგარი უნდა იყო და სხვანაირ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდი. კაპიტნობა მხოლოდ გუნდის მოედანზე გაყვანა და ჯარიმის კარისკენ მითითება არაა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, უნდა იყო ყველას მაგალითი და აუცილებლად ძალიან მაგრად ითამაშო. ყველაფერი თავიდან, ფსიქოლოგიიდან მოდის და ალბათ, მეც კარგად მქონდა შეგნებული, რომ სხვაგვარად თამაშის უფლება არ მქონდა”.

დაახლოებით 2 თვეში ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალებაც მიეცემა, რადგან თებერვალში 2016 წლის ერთა თასის გათამაშება იწყება. თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ფორმაციის ნაკრები უმეტესად ახალგაზრდებით დაკომპლექტდება და გორგოძის თბილისურ მოედანზე ხილვის შესაძლებლობაც სავარაუდოდ ნოემბრამდე არ გვექნება.

“ერთა თასზე, სავარაუდოდ, მწვრთნელები თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემენ. მწვრთნელებს ახლა აქვს იმის საშუალება, რომ ახალგაზრდები საქმეში ნახონ და საქართველო უკვე არის იმ დონის გუნდი, რომ რამდენიმე მოთამაშის გამოკლებით ერთა თასზე თამაშები არ წააგოს. მესამე ხაზში გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები და დარწმუნებული ვარ, ისინი ისე ითამაშებენ, ჩვენს გუნდს არაფერი დაეტყობა, მე კი, ალბათ, უფრო ნოემბრის ტესტებში ვითამაშებ”.

0.144503