ფეხბურთი

12:37 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” “სამეფო თასიდან” მოკვეთა ემუქრება

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის თასის მატჩში “კადისი” სტუმრად 3:1 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა, მაგრამ შესაძლოა “სამეფო თასიდან” მოკვეთონ.

ესპანური პრესის ცნობით, ამის მიზეზი შესაძლოა რუსი ნახევარმცველი დენის ჩერიშევი გახდეს, რომელმაც განვლილი მატჩის დებიუტში ანგარიში გახსნა. თუმცა, 24 წლის ფეხბურთელს ამ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა ესპანეთის თასის გასული სეზონის გათამაშებაში მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო, როდესაც ის “ვილიარეალში” გამოდიოდა.

მადრიდულ კლუბში ეს დეტალი გამორჩათ და ახლა “რეალს” რეგლამენტის თანახმად ესპანეთის თასიდან მოკვეთა ემუქრება.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ესპანელმა ტელეწამყვანებმა მატჩის მსვლელობა პრატიკულად დაივიწყეს და მხოლოდ ჩერიშევის დისკვალიფიკაციაზე საუბრობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა “რეალს” ასეთი შეცდომა დაეშვა და შესვენებისას, როდესაც ფეხბურთელები გასახდელში გადიოდნენ, ტელეკორესპონდენტმა დენისს პირდაპირ ეთერში ჰკითხა - იცოდა თუ არა, რომ წინა სეზონში მიღებული ყვითელი ბარათების გამო მას მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. ფეხბურთელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ჩერიშევი მადრიდის “რეალის” მეორე გუნდში 2010 წლიდან ირიცხება და იქ სამი სეზონი გაატარა, გასული ორი სეზონი კი, განათხოვრების წესით “სევილიასა” და “ვილიარეალში” გაატარა. მიმდინარე სეზონის წინ, “სამეფო კლუბმა” რუსი მოთამაშე დაიბრუნა, “კადისთან” ის პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და მე-3 წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ ახლა თამაშის შედეგი უნდა გაუქმდეს და “რეალი” დაისაჯოს.

0.116176