სხვა

14:16 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი სალიცენზიო ქულები ჰიუსტონიდან

ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 105 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა. საბოლოოდ, გიორგი ჩხეიძემ, C ჯგუფში 375 კილოგრამით (168+207) მეორე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადისთვის ნაკრებს, როგორც მინიმუმ, 2 სალიცენზიო ქულა მოუტანა.

მეორე ქართველმა სპორტსმენმა გია მაჭავარიანმა ტურნირი 355 (165+190) კილოგრამით დაასრულა. ის, ჯერჯერობით, მეცხრეა.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “ძალიან გაგვახარა ჩხეიძემ. ამ ბიჭს კარგი მომავალი აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ბევრად გამოცდილ სპორტსმენებს აჯობა. ხვალ გადაწყდება ამ წონაში ქულების ბედი. ჩვენი ბოლო 3 სპორტსმენი 28 ნოემბერს იასპარეზებს და სავარაუდოდ, მედლებიც გვექნება”.

მსოფლიო ჩემპიონატზე ძალები სცადა რაულ ცირეკიძემაც. 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა 356 (160+196) კილოგრამი დააგროვა და საბოლოოდ, მე-20 შედეგი აჩვენა, რაც ასევე ქულების (6) მომტანი იქნება.

ამ წონაში ოქროს მედალი ბელარუს ვადიმ სტრალცოუს (405 კგ.) ერგო, მეორე-მესამე ადგილები კი ყაზახმა ძალოსნებმა დაიკავეს: ალმას უტეშოვი (402) და ჟასულან კიდირბაევი (399).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე კიდევ 3 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: ლაშა ტალახაძე (მძიმე), ირაკლი თურმანიძე (მძიმე) და ანასტასია გოტფრიდი (მძიმე).

0.116883