ფეხბურთი

15:56 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე “სილკებორგის” ფეხბურთელია

ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე კარიერას დანიის I ლიგის ბინადარ “სილკებორგში” გააგრძელებს. ამის შესახებ დანიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 22 წლის შემტევმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სხირტლაძეს “სილკებორგში” ნაცნობი მწვრთნელი პეტერ სორენსენი გაწვრთნის. ეს კი, ის ადამიანია, რომელმაც დავითს თავის დროზე დანიაში შანსი პირველმა მისცა.

“სილკებროგთან” კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემ კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. "სილკებორგი" ტრადიციული გუნდია და ჩემთვის იდეალური ადგილია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოლოდინი გავამართლო და გუნდს გამოვადგე.

ჩემი გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი პეტერ სორენსენის ფაქტორმა ითამაშა, რომელმაც დანიაში შანსი მომცა. იგი ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობს და იცის სად უკეთ შემიძლია თამაში”, - განაცხადა წარდგენისას სხირტლაძემ.

თავის მხრივ ქართველ ფორვარდზე სორენსენმაც ისაუბრა:

“სხირტლაძეს თამაში შეტევის ოთხ პოზიციაზე შეუძლია. ჩვენ მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისთვის იდეალური პოზიცია გამოკვეთილი ფორვარდის უკანაა”, - თქვა პეტერ სორენსენმა.

დავით სხირტლაძემ სეზონის პირველი ნაწილი “ორჰუსში” გაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. სულ ექვსჯერ ითამაშა და ყველა შემთხვევაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მისი დანიური კარიერა კი 2011 წლიდან დაიწყო.

რაც შეეხება “სილკებორგს”, I ლიგაში 16 თამაშში 24 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-6 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117546