სხვა

14:50 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუსტონში პირველმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა, თუმცა, სასურველი შედეგი ვერ აჩვენა.

შოთა მიშველიძემ ძალები 69 კგ. წონით კატეგორიაში სცადა და მხოლოდ 4 ცდა გამოიყენა. საბოლოოდ, C ჯგუფში გამწესებულმა ქართველმა ძალოსანმა 300 კგ (140+160) დასძლია.

შოთას გამოსვლამდე კომენტარი გააკეთა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა: “ჩვენი მთავარი მიზანი გუნდური ქულების მოპოვებაა. ამის პატარა შანსია და ყველაფერი შოთიკოს სიყოჩაღეზე იქნება დამოკიდებული. თუ მან თავისი საუკეთესო შედეგები გაიმეორა და ერთი-ორმა მეტოქემაც წაიფორხილა, ის ქულებს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვმატებს. წარმატება ჩვენ სპორტსმენს“.

მიშველიძის გამოსვლის შემდეგ, კახიაშვილმა დაამატა, რომ სპორტსმენმა რეაბილიტაცია მცირე ხნის წინ გაიარა, საერთაშორისო არენაზე 2 წელია არ გასულა და სასურველი წონებიც ამიტომ ვერ დასძლია.

69 კგ-მდე წონით კატეგორიაში უძლიერესი ძალოსნები ფიცარნაგზე დღეს გავლენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ, მიშველიძე რომელ ადგილს დაიკავებს.

ხვალ დილით, თბილისის დროით 05:30 საათიდან საქმეში მორიგ ქართველ ძალოსან გიორგი ლომთაძეს ვიხილავთ, რომელიც ძალებს 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ასევე C ჯგუფში სცდის.

აქვე დავძენთ, რომ ჩემპიონები უკვე გამოვლიდნენ ორ საწყის წონით კატეგორიაში. ჰიუსტონში პირველი ოქროს მედალი ჩრდილოკორეელმა ომ იუნ-ჩოიმ (302 კგ.) მოიპოვა, რომელმაც ჩინელ ვუ ჯინბიაოს მხოლოდ პირადი წონის წყალობით აჯობა, 62 კგ-მდე ტურნირში კი აღნიშნულმა ქვეყნებმა ადგილები გაცვალეს. ჩინელმა ჩენ ლიჯუნმა (333 კგ.) ჩრდილორეელ კიმ უნ-გუკს 5 კგ-ით აჯობა.

0.128065