ფეხბურთი

1:58 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კვლავ დამაჯერებელია

მიუნხენის “ბაიერნმა” თავისი ფავორიტობა გელზენკირხენშიც გაამართლა და ბუნდესლიგას უწინდელზე დამაჯერებლად ლიდერობს. “შალკე” ამბიციური გუნდი კია, მაგრამ ჯერჯერობით ევროთასების ზონის მიღმაა და ლიდერთან დაცვითი ფეხბურთით ეცადა ფონს გასვლა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

სტუმრები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და ანგარიშის გახსნა დროის საკითხი იყო. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდა და კუთხურიდან დავიდ ალბას დარტყმის შემდეგ, ბურთი რიკოშეტით ფერმანის კარის ბადეში გაეხვა. ისე ჩანდა, “ბაიერნი” საწადელს იოლად მიაღწევდა, მაგრამ მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. თავი “შალკეს” ახალგაზრდა, ნიჭიერმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს - სანემ რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და მეტოქის საჯარიმოში მაიერი მოძებნა, რომელმაც გამოცდილი ფილიპ ლამი გააბითურა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1.

მიუხედავად ამისა, “შალკე” კიდევ უფრო ჩაიკეტა და მხოლოდ ფრეზე ფიქრობდა. “ბაიერნის” ბურთის ფლობამ 70%-ს მიაღწია და მართალია შესვენებამდე სახიფათო მომენტები არც შექმნილა, მაგრამ ცხადი იყო, გელზენკირხენელებს მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა. მეორე ტაიმის შუაში “შალკეს” დაცვაში ბზარები გაჩნდა, დუგლას კოშტამ მარჯვენა ფლანგზე არიენ რობენი მოძებნა, მან მეკარის ბაქანზე ჩაკიდა და ხავი მარტინესმა ზუსტი თავური დაკრა. მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, როდესაც მიულერმა “შალკეს” კარი ერთხელაც აიღო და “ბაიერნმაც” საბოლოოდ 3:1 იმარჯვა.

ბუნდესლიგა. XIII ტური

გელზენკირხენი. “ველტინს-არენა”. 62 271 მაყურებელი

შალკე - ბაიერნი 1:3 (1:1)

შალკე: ფერმანი, რიტერი, ჰევედესი, მატიპი, ნოიშტედტერი (დი სანტო 75), აოგო, სანე, გორეტცკა, ჰოიბერგი, მაიერი (რიზი 87), ჰუნტელაარი (ჩუპო-მოტინგი 70).

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბენატია (ბოატენგი 70), მარტინესი, ალაბა (რაფინია 83), რობენი (კიმიხი 88), ალონსო, ვიდალი, მიულერი, კოსტა, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: გუარდიოლა

გოლები: 0:1 ალაბა (9), 1:1 მაიერი (17), 1:2 მარტინესი (69), 1:3 მიულერი (90+2)

გაფრთხილება: ჰუნტელაარი (61), ჰოიბერგი (82)

კარისკენ დარტყმა: 5 (1) - 24 (8); ბურთის ფლობა: 32% - 68%; კუთხური: 4 - 6; ჯარიმა: 12 - 10; თამაშგარე: 1 - 1; სეივი: 5 - 0.

თეგებიბუნდესლიგა
0.111389