ფეხბურთი

18:26 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ის შესარჩევის 10 საუკეთესო ფეხბურთელი

დასრულდა ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლი, რომელმაც სიურპრიზებიც გვაჩვენა და ბევრი საინტერესო ფეხბურთელიც. ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდამ ავრორასავით გაისროლა ბევრი საშუალო ნაკრებისთვის. და არა მხოლოდ საშუალოებისთვის, აქამდე საშუალოზე სუსტები რომ გვეგონა, ისეთებიც მოხვდნენ ფორუმზე: მაგალითად, ალბანეთი.

აბა, ვინ ელოდა, რომ ასეთ შესარჩევ ციკლს ჩაატარებდა უელსი, რომელიც მეექვსე კალათაში იყო? სასწაულად ითამაშა ისლანდიამ, რომელიც დამაჯერებლად გავიდა ფინალურ ეტაპზე და მათ შორის, ჰოლანდიას ორივე თამაში მოუგო. დამაჯერებელი იყო ავსტრიაც.

უპირველესი სენსაცია ჰოლანდიის მეოთხე ადგილია. “ნარინჯისფერები” ვერ მოხვდნენ 24 ნაკრებს შორის, რაც თავიდან ვინმეს რომ ეწინაწარმეტყველებინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრის კანდიდატი იქნებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენთვის, ქართველებისთვის ვერ აღმოჩნდა სანუგეშო ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა. ჩვენ ჯერ კიდევ შარშანდელი ნოემბრიდან გადაგვეწურა შანსი და ასე ვთქვათ, გამამწარებლის როლიღა ვითამაშეთ: შოტლანდიას 2007 წელი გავუმეორეთ, მაშინდელისა არ იყოს, ამჯერადაც გავამწარეთ.

წარმოგიდგენთ, შესარჩევის 10 საუკეთესო ფეხბურთელს:

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი). 13 გოლი გაიტანა და ამით ყველაფერი ნათქვამია. სხვათა შორის, მთლიანად პოლონეთის ნაკრებიც ყველაზე შედეგიანი იყო ამ შესარჩევში – 33 გოლი მიითვალა. ბედნიერებაა, როცა ასეთი თავდამსხმელი გყავს.

გარეთ ბეილი (უელსი). ბრიტანელებმა თითქმის ყველა მატჩი ბრძოლაში მოიგეს და გადამწყვეტ როლს “რეალის” ვარსკვლავი ასრულებდა. უელსელთა გატანილი 11 გოლიდან 7 ბეილის ანგარიშზეა. მის გარეშე უელსის დამაჯერებლად გასვლა წარმოუდგენელი იყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი). დანიასთან ფლეი-ოფის შეხვედრა რომ დასრულდა და შვედეთმა გასვლა რომ გაინაღდა, იბრაჰიმოვიჩი მოედნის ცენტრში გაჩერდა და ლოცვა დაიწყო. იმწამსვე შვედეთის ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელები, ექიმი, მასაჟისტი მისკენ გაიქცნენ და ჩაეხუტნენ. ზლატანი არის შვედეთის ნაკრების ყველაფერი.

თომას მიულერი (გერმანია). მთლიანად გერმანიამ ვერ ჩაატარა კარგი შესარჩევი: წააგო შოტლანდიასა და ირლანდიაში, შინ იმავ ირლანდიელებს ვერ მოუგო, გაჭირვებით სძლია შოტლანდიასა და საქართველოს. და მაინც, მიულერმა 9 გოლი გაიტანა, რაც ცოტა არა, თუ გავითვალისწინებთ, რომ არცერთ სხვა გერმანელ ფეხბურთელს 3 გოლზე მეტი არ გაუტანია.

გიფლი სიგურდსონი (ისლანდია). “სუონსის” 26 წლის ისლანდიელმა ნახევარმცველმა შესარჩევში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ მარტო გოლებშიც არაა საქმე: ბრწყინვალედ ითამაშა თითქმის ყველა შეხვედრა. მისი დაყენებული დარტყმები ისლანდიის მთავარი კოზირი იყო.

კევინ დე ბრუინი (ბელგია). შესარჩევში იყო პერიოდი, როცა ბელგიას ცუდად ჰქონდა საქმე, მაგრამ ნაკრებმა ბოლო მატჩები შესანიშნავად ჩაატარა, ლიდერად კი დე ბრუინი მოგვევლინა.

დავიდ ალაბა (ავსტრია). რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მაგრამ დანარჩენ ყველა შეხვედრაში უდავო ლიდერი იყო ნაკრებისა. 4 გოლი ცოტა არაა მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის. ავსტრიამ რომ ასეთი მშვენიერი შედეგი აჩვენა, უპირველესად “ბაიერნის” უნივერსალის დამსახურებაა.

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია). წინა შესარჩევისგან განსხვავებით, გმირობა არ ჩაუდენია, მაგრამ რონალდუ რონალდუა. 5 გოლი გაიტანა შესარჩევში და რომ არა ის, პორტუგალიას ცოტა გაუჭირდებოდა. პორტუგალიამ პირველი მატჩი წააგო (ალბანეთთან შინ 0:1), მერე კი ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოიგო. ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგა დანიასთან სტუმრად 1:0 გამარჯვება, იქ კი რონალდუმ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაიტანა.

უეინ რუნი (ინგლისი). 7 გოლი შესარჩევში, მისმა ნაკრებმა კი ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და ათიდან ათივე მატჩი მოიგო. რუნი სტაბილური ვერ იყო, მაგრამ მაინც მოახერხა გადამწყვეტი გოლების გატანა: ესტონეთსა და სლოვენიაში. რა თქმა უნდა, რუნი ისეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა თავისი ნაკრებისა, როგორც იბრაჰიმოვიჩი, ალაბა ან ლევანდოვსკი, მაგრამ ამ ათეულში ინგლისიდან არცერთი ფეხბურთელი რომ არ შევიყვანოთ, არ გამოვა.

მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი). “ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნაკრებშიც ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. სლოვაკეთი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, მათ შორის, ესპანეთს 2:1 სძლია. 5 გოლი, 5 საგოლე პასი – ასეთია ჰამშიკის სტატისტიკა შესარჩევში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163646