რაგბი

13:14 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის დუბლი ტოპ 14-ში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე გახდა პირველი ქართველი უკანახაზელი, რომელმაც საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში ლელო გაიტანა, თანაც, მან “პო” ორჯერ დაალელოვა.

მე-8 ტურში მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” გიორგი ნაცარაშვილის “პოს” სტუმრად ეთამაშა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ მჭედლიძემ ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორი ლელო თავად გაიტანა, ერთი კი, მისი წამოწყებული იერიშის შედეგად გავიდა. პირველად თავი მან 29-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ფეხით გადაკიდებულ ბურთს კარგად მიჰყვა, მას ზედ ლელოს ხაზთან დაუფლა და საკუთარი გუნდი 15:9 დააწინაურა. ამის შემდეგ “პომ” 3 ლელო გაიტანა და 62-ე წუთისთვის 33:18 დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა გაიბრძოლეს, 67-ე წუთზე მჭედლიძემ გადაცემა რომ მიიღო ორ მბოჭავს გაექცა, სხვა ორთან ერთად კი, ლელოში შევიდა და ჩამორჩენა შეამცირა. 70-ე წუთზე მისი გარღვევის შემდეგ მარცხენა ფრთაზე სივრცე გამოთავისუფლდა და “აჟენმა” მეოთხე ლელო გაიტანა. 75-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირეს, მაგრამ 31:33 დამარცხდნენ და საბოლოოდ მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა”, მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” 8 ლელო გაუტანა და 52:8 გაანადგურა. სტუმართა ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, ხოლო ტულონელებმა შეცვლაზე ითამაშეს. მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმა მოიშუშა ბურჯმა ჩილაჩავამ და ის შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა, გორგოძე მოედანზე 58-ე, ხოლო მიქაუტაძე მე-60 წუთიდან გამოჩნდა.

დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ” დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონი” პარიზში 14:9 დაამარცხა. თამაშში მონაწილეობა მხოლოდ კოლელიშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა და ამ დროს მისი გუნდი 0:14 აგებდა. დარჩენილ დროში “კლერმონმა” სამი ჯარიმა გაიტანა და პრემიალური ქულა მიითვალა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” “ოიონაქსს” 38:3 სძლია, ოთხი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.

კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” “ბორდოს” 16:3 სძლია. ასიეშვილმა შეცვლაზე 46-ე წუთიდან ითამაშა და ამ დროს ანგარიში სულ რაღაც 3:0 იყო.

ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” “გრენობლს” 52:12 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მაყურებელმა ჯამში 10 ლელო იხილა და აქედან 8 მასპინძლების ანგარიშზეა. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ საწყის 35 წუთში მასპინძლებმა 5 ლელო გაიტანეს და 31:0 დაწინაურდნენ, ხოლო ქართველის შეცვლისას 38:5 იგებდნენ.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი” “კასტრთან” 8:34 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 22 წუთი ითამაშა. მისი თამაშში ჩართვისას მატჩის ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო - მასპინძლები 29:3 იგებდნენ.

ტოპ 14. VIII ტური

7-8 ნოემბერი

ტულონი - მონპელიე 52:8

ლა როშელი - ოიონაქსი 38:3

პო - აჟენი 33:31

ბრივი - ბორდო 16:3

ტულუზი - გრენობლი 52:12

კასტრი - რასინგი 34:8

სტად ფრანსე - კლერმონი 14:9

1. კლერმონი 8 5 1 2 241:123 29
2. ტულუზი 8 6 0 2 221:116 27
3. რასინგი 8 6 0 2 158:160 24
4. ტულონი 8 4 0 4 264:161 22
5. ბრივი 8 5 0 3 142:129 22
6. მონპელიე 8 5 0 3 206:210 22
7. ბორდო 8 4 1 3 153:161 19
8. გრენობლი 8 4 0 4 194:220 18
9. ლა როშელი 8 3 0 5 169:196 16
10. კასტრი 8 3 0 5 174:194 15
11. სტად ფრანსე 8 3 0 5 157:177 13
12. პო 8 3 0 5 147:223 13
13. ოიონაქსი 8 2 0 6 163:270 10
14. აჟენი 8 2 0 6 155:204 9

თეგებიტოპ 14
0.146005