სხვა

13:59 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის სძლია, გაგამარუს დადებითი ბალანსი აქვს

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო სექტემბრის ბაშომ, რომელშიც ტრადიციულად 2 ქართველი სუმოისტი ჩაება. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე შემოდგომის სუპერტურნირში აღმოსავლეთის კომუსუბის ტიტულით ასპარეზობს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი აღმოსავლეთისვე მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება.

ტოჩინოშინს ტიტულიდან გამომდინარე, ბაშოს სტარტზევე ურთულესი გრაფიკი აქვს. გორგაძემ პირველ დღეს იოკოძუნა კაკურიუსთან იორიკირით წააგო, შემდეგ კი ოძეკი კისენოსატოსთან ამავე ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება (ცუკიოტოშით) ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა, ხოლო მომდევნო ორთაბრძოლა სეკივაკე მიოგირიუსთან ელის.

დადებითი ბალანსი (2 მოგება, 1 მარცხი) აქვს გაგამარუს, რომელმაც აკი ბაშო დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე კაგამიოსთან მოგებით (კიმედაშით) გახსნა, მე-2 დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან იორიკირით დამარცხდა, მე-2 მოგება (ოშიდაშით) კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკეკაძესთან მიითვალა. ჯუღელი მე-4 ორთაბრძოლას დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან ჩაატარებს.

სექტემბრის სუპერტურნირის მთავარი სიახლე იოკოძუნა ჰაკუჰოს წარუმატებლობაა. “თეთრმა ფენიქსმა” სტარტზე ჯერ კომუსუბი ოკინოუმისთან წააგო, შემდეგ კი – დასავლეთის პირველ მაეგაშირა იოშიკაძესთან, რისი მიზეზიც ტრავმა ყოფილა. ჰაკუჰომ მარცხენა მუხლი ბაშომდე 1 კვირით ადრე დაიშავა და მართალია, ტურნირში ჩართვა სცადა, ორ დღეზე მეტი ვეღარ “გაქაჩა”. მონღოლი სუმოისტი შეჯიბრიდან მოიხსნა და წინასწარი ინფორმაციით, 4 კვირა იუქმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110323