სხვა

15:09 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძალოსანთა 8 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენცია 15 და 17-წლამდელი ძალოსნების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას მიეძღვნა.

ჟურნალისტებს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი რევაზ დავითაძე შეხვდნენ.

“მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ჩვენი ძალოსნების წარმატება. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ბიჭები ამ ასაკიდანვე ეჩვევიან გამარჯვებებს. ეს მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებს ხელს უწყობს და ცხადია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან კარგია. მინდა ჩვენს გუნდს წარმატებები ვუსურვო მომავალ ტურნირებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ქმედით ნაბიჯებს, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ცხადია, ასე გაგრძელდება მომავალშიც”, - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

“გილოცავთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებას, ბიჭებმა ძალიან გაგვახარეს! მათ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს! აქვე გეტყვით, რომ ძალოსნობის ფედერაციამ უკვე შეიგულა 8 დარბაზი სხვადასხვა ქალაქში, სადაც უახლოეს ხანებში თანამედროვე სავარჯიშო პირობები შეიქმნება. ეს, ცხადია, ხელს შეუწყობს ძალოსნობის პოპულარიზაციას. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო სამინისტროს, რომელიც ყველანაირად გვეხმარება”, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის რევაზ დავითაძის თქმით, მას ოქროს მედლის მოგებაც შეეძლო, თუმცა გამოუცდელობის გამო ვერ გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატი 15 და 17-წლამდელ ძალოსნებს შორის შვედეთში გაიმართა. 15-წლამდელთა შორის არჩილ მალაყმაძემ (56კგ) ატაცში ვერცხლი (93კგ), ხოლო აკვრაში (110კგ) და საერთო ჩათვლაში (203კგ) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ედუარდ კაკაბაძე (62კგ) კი მეოთხე ადგილზე გავიდა (98+111=209კგ).

17-წლამდელთა შორის ირაკლი ჩხეიძემ (77კგ) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო რევაზ დავითაძემ (ასევე 77კგ) აკვრაში ოქრო – მან 164 კილოგრამი დაძლია, ატაცსა (136კგ) და საერთო ჩათვლაში (300კგ) კი ვერცხლი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112123