ფეხბურთი

21:56 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “სეზონის პირველი ტიტულის მოგება კარგი თამაშის წყალობით უნდა შევძლოთ” (+VIDEO)

“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომდევნო მატჩში მის გუნდს იოლი გასეირნება არ ექნება და “ბარსელონამ” მოგება უნდა დაიმსახუროს.

ლუის ენრიკე: ხვალ ძლიერი მეტოქე გვეყოლება. ვნახოთ როგორ ვითამაშებთ და დავიმსახურებთ მოგებას. იოლი გასეირნება არ გველოდება, კარგი თამაშის წყალობით უნდა შევძლოთ სეზონის პირველი ტიტულის მოგება.

-არის თუ არა თქვენი სურვილი პედრომ ხვალ ითამაშოს?

-როგორც მწვრთნელს მსურს, ყველამ ითამაშოს, ველაპარაკე პედროს, იგი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. სიტუაციას ავწონ-დავწონი და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას ითამაშებს თუ არა პედრო.

-ბევრისთვის “ბარსელონა” ფავორიტია..

-ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარი დავიმსახუროთ მოგება, “სევილია” ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველოდება. იოლი გასეირნება არ გველის.

-არ ითამაშებს ნეიმარი და ხორდი ალბა, ხომ არ მიგაჩნიათ “სევილია” შეტევებს მარცხენა ფლანგიდან განახორციელებს?

- ფეხბურთში ნორმალურია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მოთამაშეები არ თამაშობენ. “სევილიას” უფრო მეტი დანაკლისი აქვს და ეს ნორმალური ფაქტია ფეხბურთში.

-ჩაიარა თუ არა წინასასეზონი მზადებამ ნორმალურად?

-თავიდანვე ვიცოდით, რომ სეზონის დასაწყისში არაერთი გამოწვევა გვექნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

-რას იტყვით თქვენს მეტოქეზე, რომელსაც რვა ახალი ფეხბურთელი ჰყავს?

-“სევილიაში” ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ბევრ ტრანსფერს ახორციელებენ. ვფიქრობ, რომ ისინი ისე ითამაშებენ, როგორც გასულ სეზონში.

-რა სტატუსი აქვს ლუის სუარესს გუნდში და რამდენად მნიშვნელოვანია ის “ბარსასთვის”?

-გასულ სეზონში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ და მომდევნო სეზონშიც დიდ სამსახურს გაუწევს “ბარსელონას”.

-რა ეფექტი ექნება ნეიმარის არყოფნას მომავალ მატჩზე?

-ორივე გუნდს გვაქვს დანაკლისი და უნდა შევეცადოთ ამან თამაშზე გავლენა არ იქონიოს.

-“ბარსელონა” სარეკორდოდ მეცხრედ თამაშობს სუპერთასს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მეოთხე მწვრთნელი, რომელსაც სუპერთასი მოთამაშის და მწვრთნელის რანგში მოუგია...

-რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ მით უკეთესი. ეს კარგი გამოწვევაა ჩემთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის, რომელთაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ ახლა და მომავალშიც.

პრესკონფერენციის შემდეგ “ბარსელონას” თავკაცმა გუნდი “დინამო არენაზე” სავარჯოშოდ გაიყვანა (VIDEO).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15577