ფეხბურთი

13:32 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გახსნის ცერემონია – ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს

ერთი დღე რჩება უეფას სუპერთასის ჩატარებამდე. 11 აგვისტოს 22:45 საათზე საქართველოს დედაქალაქ თბილისში “დინამო არენაზე” ერთმანეთს 2014/15 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ტრიუმფატორები კატალონიის “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, უკვე გახდა ცნობილი სუპერთასის გახსნითი ცერემონიალის განრიგი:

პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იქნება 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”

სიმბოლური გზავნილი

თბილისი აღმოსავლურ-ევროპული ქალაქია, რომელიც მასპინძლობს უეფას სუპერ თასს, მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან მატჩი აღარ ტარდება მონაკოში. სფფ-მ, უეფას ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაწყვიტა ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობა და ევროპის კონფლიქტური ზონებიდან ჩამოსული ბავშვების მეშვეობით გამოხატოს მშვიდობისა და ერთობის იდეა, აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს მოთამაშეების და მსაჯების ჩათვლით, ხალხის გაერთიანება. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, მოლდოვის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციები დადებითად გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას.

გახსნის ცერემონია

გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფას სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებს, 1000 ბავშვის, უფროსი ადამიანის, ასევე ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

საზოგადოების წინაშე წარდგება 1885 წელს დაარსებული საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ცეკვის ანსამბლი ერისიონი, რომელიც წელს აღნიშნავს 130 წლის იუბილეს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ჯემალ ჭკუასელი, ხოლო ანსამბლის დამდგმელი ქორეოგრაფი – ლევან კუბლაშვილი. წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას:

 80 პროფესიონალი მოცეკვავე

 70-90 მოზარდი

 10-20 მედოლე ბავშვი

მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფას ევროპა ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს, და დევიზს “ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს.”

პოლონური დიზაინერული სააგენტო “პლატიგე იმიჯს” დაევალა გახსნის ცერემონიის ორგანიზების მეთვალყურეობა. “პლატიგე იმიჯმა" ასევე ორგანიზება გაუკეთა გახსნის ცერემონიას და თასის გადაცემის ცერემონიას უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩზე ვარშავაში.

ცოცხალი ჯაჭვი

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

მონაწილეობას მიიღებენ:

20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან

20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან

15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან

720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან

10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან

19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან

9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან

15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან

20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან

0.113258