ფეხბურთი

10:23 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თოთაძე "საბურთალოს" შეკრებაზე შეუერთდა

ჩვეულ რეჟიმში მზადებას განაგრძობს დედაქალაქური "საბურთალო", რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დუშეთში იმყოფება - 27 ივლისს გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა დილა-საღამოს ივარჯიშეს. ფეხბურთელებმა პირველ ვარჯიში სწრაფგამძლეობას დაუთმეს დრო, რაც შეეხება საღამოს საწვრთნელ პროცეს - ძალაზე, ფეხისა და სასტარტო სისწრაფეების გაუმჯობესებაზე იზრუნეს.

თბილისური კლუბი 28-შიც ორჯერად ვარჯიშს გამართავს. 29-ში დილას მოკლე საწვრთნელ პროცესს ჩაატარებს, დღის მეორე ნახევარში კი დედაქალაქში გამოემგზავრება და ამხანაგურად "ცხინვალს" გაეჯიბრება. მატჩი 20:00 საათზე "ბენდელაზე" დაიწყება.

საბურთალოელეთა რიგებში სიახლეა ის, რომ დღეს ქალაქელებს შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლაშა თოთაძე შეუერთდა. კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ამპლუით მცველი წლის ბოლომდე "საბურთალოში" ითამაშებს. გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ თოთაძეს ეროვნულ ნაკრებში უხმეს, როდესაც კახა ცხადაძემ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიძახა. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა ახალგაზრდულ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

ლაშა თოთაძეს სხვა და სხვა დროს რამდენიმე ქართულ კლუბში უასპარეზია - "გაგრა", ბათუმის "დინამო", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი" და როგორც ზემოთ გითხარით თბილისის "დინამო". თოთაძეს ზურგს ევროპული გამოცდილებაც უმაგრებს - 2008-2010 წლებში კიევის "დინამოში" ირიცხებოდა, 2011-2012 წლებში კი იჯარით უნგრულ "ლომბარდ პაპას" ღირსებას იცავდა.

"საბურთალოს" ახალწვეულმა კომენტარი გააკეთა:

"საბურთალო" ჩემთვის მიმზიდველი კლუბია, აქ კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან თავმოყრილნი. სკოლაც ძალიან წარმატებული აქვს. ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. "საბურთალო" ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდად ითვლება, ეს კი სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა. კლუბის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს აკეთებენ.

დღეს საწვრთნელ პროცესში პირველად მივიღე მონაწილეობა. ვიცოდი, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობდნენ, მაგრამ ეს ბიჭები თუ ასეთი მონდომებულები იყვნენ, ნამდვილად არ მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობაზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ, მჯერა მათგან მეც ბევრს ვისწავლი.

"საბურთალოში" კარიერის გაგრძელება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გადავწყვიტე. პირველ რიგში კლუბს ძალიან ნიჭიერი კაცი უდგას სათავეში, რომელთანაც "გაგრაში" ასპარეზობისას მიმუშავია. ასევე, "საბურთალოს" სწორი გეზი აქვს აღებული ფეხბურთის განვითარებისთვის. ამავდროულად ვიცი, რომ პროფესიონალები მუშაობენ. ამ ყოველივედან მივიღე გადაწყვეტილება და კარიერას "საბურთალოში" გავაგრძელებ, მჯერა ერთად წარმატებებს მივაღწევთ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კლუბს უმაღლეს ლიგაში არ უნდა გაუჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესთა რიგებში დებიუტანტი გუნდი იქნება. ვფიქრობ, ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, მაგრამ არც ის გამიკვირდება, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას შანსი გაგვიჩნდეს ვიბრძოლოთ ევროპის ლიგის საგზურისთვის".

FCSABURTALO.GE

Loading...
სტატისტიკა
0.283246