ფეხბურთი

11:19 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კლუბები ევროპის ლიგის საპასუხო მატჩების წინ (+VIDEO)

დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “ცხინვალი” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინულ “ბოტოშანს” დაუხვდება, თბილისის “დინამო” აზერბაიჯანში “გაბალას” დაუპირისპირდება, ბათუმის “დინამო” კი კვიპროსში “ომონიას”. სამივე მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. “ცხინვალი”-“ბოტოშანს” ქართველი გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იხილავს, “გაბალა”-თბილისის “დინამოს” პირველ არხზე, ხოლო “ომონია”-ბათუმის “დინამოს” აჭარის ტელევიზიის ეთერში.

“ცხინვალი” VS “ბოტოშანი” (პირველი მატჩი 1:1 VIDEO)

ევროსარბიელის დებიუტანტი "ცხინვალი" თბილისში "მიხეილ მესხის" სტადიონზე რუმინულ "ბოტოშანს" უმასპინძლებს. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ამ ანგარიშმა კი წყვილში მცირე უპირატესობა ქართულ გუნდს მიანიჭა. კახა კაჭარავას გუნდმა რუმინეთში დაცვითი ტაქტიკით ითამაშა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა. როგორც თავად ცხინვალელთა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისში მისი გუნდი შუეტევს, რადგან დაცვაში ჩაჯდომა შესაძლოა, მის გუნდს ძვირად დაუჯდეს. მასპინძელთა მთავარი კოზირი 21 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავაა, რომელმაც პირველ რაუნდში ჩინებული გოლი გაიტანა და საერთოდაც, კარგ ფორმაში იმყოფება. შემადგენლობის მხრივ კაჭარავა საკადრო პრობლემებს არ უჩივის და მის ხელთარსებული ფეხბურთელები მწყობრში არიან. "ცხინვალს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების გარდა, ნულოვანი ფრეც დააკმაყოფილებს.

"ცხინვალის" მსგავსად ევროტურნირების დებიუტანტია "ბოტოშანიც". მათმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, თუმცა ისინი საპასუხო მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებენ. რუმინელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ მისი გუნდი თბილისში წასაგებად არ ჩამოსულა და მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამასთან, გროზავუმ გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.

"ბოტოშანი" რუმინეთის მთავარ ლიგაში მხოლოდ ორი წელია ასპარეზობს და "ცხინვალის" არ იყოს, დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი): "ბოტოშანი" კარგად დაბალანსებული, მებრძოლი გუნდია და ადვილი თამაში არ გველის. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ. მთავარია დისციპლინა დავიცვათ მოედანზე და ჩვენი გეგმები შევასრულოთ. მინდა ვთქვა, რომ შემტევი სტილითაც შეიძლება მოგება.

მე ახალგაზრდული გუნდი მყავს. ამ ბიჭებმა მოიპოვეს გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება და მინდა სწორედ მათ მივცე ამ ტურნირზე თავის გამოჩენის შანსი.

შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს არ ვგეგმავ. სახლის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მოტივირებულები ვართ და შევეცდებით მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ მოვიდნენ სტადიონზე, დასწრება თავისუფალია, მაგრამ 3 ლარიანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში თანხა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ. გვინდა, რომ იმ ადამიანებს მცირედით გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ".

ლეონტინ გრუზავუმ მათი მეტოქე შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ "ბოტოშანის" მიზანი ერთადერთია - შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ლეონტინ გროზავუ ("ბოტოშანის" მთავარი მწვრთნელი): "მიხარია აქ რომ ვარ. "ცხინვალი" ძალიან კარგი გუნდია. ჩემთვის პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვენგან დიდი ანგარიშით მოგებას მოელოდნენ, მაგრამ ევროპაში სუსტი გუნდები აღარ არსებობენ.

პირველი შეხვედრის შედეგი ჩვენს მეტოქეს უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ საბრძოლვევლად მზად ვართ, რადგან აქ მხოლოდ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ჩამოვედით. იმედი მაქვს, სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა და ისინი სანახაობრივ ფეხბურთს იხილავენ.

ჩემი გუნდი იმ ტაქტიკით ითამაშებს, რის საშუალებასაც თამაშის მიმდინარეობა მოგვცემს".

მოკლედ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ადვილ მატჩს არ მოელის, თუმცა გამარჯვებისთვის არიან შემართულნი. ფაქტი ერთია - რომელი გუნდიც არ უნდა გამოვიდეს ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული, ის ისტორიაში შევა. აქამდე ხომ "ცხინვალსა" და "ბოტოშანს" ევროსარბიელზე არ უთამაშიათ...

მატჩს ბულგარელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

გაბალა“ VS „დინამო“ თბ. (პირველი მატჩი 1:2 VIDEO)

“დინამო თბილისი” აზერბაიჯანის პრემიერლიგის მესამე ადგილოსან “გაბალას” დაუპირისპირდება.

ინტერნეტში არსებული მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანული კლუბის სტადიონი 1985 წელს აშენდა და 8 00 მაყურებელს იტევს.

მატჩის მთავარი არბიტრი საფრანგეთის ლიგა 1-ის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი - 38 წლის ფრანგი ამორი დელერიუ იქნება. მას ასისტენტობას ლორან სტიენი და მიშელ ანომიე გაუწევენ. მეოთხე მსაჯია სებასტიენ მორეირა, უეფას დელეგატი კი რუსეთის წარმომადგენელი ლეონიდ კალოშინია. ინგლისელი პიტერ ჯოუნსი მსაჯთა დამკვირვებლის ფუნქციებს შეასრულებს.

41 წლის ლორან სტეინს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთი მატჩი უმსაჯია. 2011 წლის 29 მარტს ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გუნდი 1:0 დაამარცხა, სტიენი კი გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა.

თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული პირველი მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, 51-ე წუთზე კი მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა. 10 კაცით დარჩენილმა “დინამომ” მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი ერთი მიიღო.

ქართული საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ძნელად გასახსენებელია მატჩი, რომელიც ათი კაცით დავასრულეთ და მოვიგეთ. ის ფაქტი, რომ “დინამომ” გოლები გველესიანის გაძევების შემდეგ გაიტანა თბილისელთა კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მიუთითებს.

გია გეგუჩაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეძლო გია გეგუჩაძემ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგის ჩვენება. 2004 წელს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის გიორგი ნემსაძე თამაშობდა, დღეს კი მის როლს ალექსანდრე იაშვილი ასრულებს. ასე რომ გია გეგუჩაძის ზოგადი სტრატეგია იგივე რჩება. მისი ხედვით წარმატება ევროტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მინიმუმ ერთი გამოცდილი მოთამაშის ნაზავით შესაძლებელია.

პირველი მატჩის წინ დინამოელთა დანაკლისს ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი შეადგენდნენ. “გაბალასთან” მატჩის მიმდინრეობისას მცირე დაზიანება მიიღო მათე ცინცაძემ, ხოლო როგორც მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძემ აღნიშნა ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმის გამო შეცვალა და მისი დაზიანება უფრო სერიოზული ჩანდა. ამ ეტაპზე უცნობია დინამოელთა ზუსტი დანაკლისი.

რომან გრიგორჩუკისა და გია გეგუჩაძის პირველი დაპირისპირების შემდეგ საინტერესო მატჩის მოლოდინია. წარმატებული უკრაინელი მწვრთნელის გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, თბილისელთა მხარეს კი ახალგაზრდული მოტივაციაა.

“გაბალას” ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები და წარმატებული მთავარი მწვრთნელი. 20013 წელს რომან გრიგორჩუკიმ ოდესის “ჩერნომორეცი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გაიყვანა, ზღვისპირელებისთვის ჯგუფური ეტაპიც დაძლევადი აღმოჩნდა, 1/16 ფინალში კი “ლიონთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული კლუბის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია. განვითარების პროცესს კი ყოველთვის ახლავს ჩავარდნა. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში გია გეგუჩაძის საქმიანობას ხელი არ უნდა შეეშალოს. წარმატებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.

ქართული კლუბი გაბალაში ოთხშაბათს ჩაფრინდა. მატჩის წინ გია გეგუჩაძემ “გაბალას” სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

“პირველი მატჩიდან გამომდინარე მოსალოდნელია დაძაბული თამაში. “დინამოს” ფეხბურთელები მატჩისთვის კარგად მოემზადნენ, თუმცა ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ოთარ კაკაბაძე, გარდა ამისა გასულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო გიორგი გველესიანი ვერ ითამაშებს.

ვფიქრობ გადამწყვეტი იქნება ფეხბურთელების ხასიათი, რასაც შეუძლია წარმატება განაპირობოს.

ჩვენი მეტოქისთვის პლიუსია საშინაო მოედნის ფაქტორი. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში უპირატესობას განიჭებს, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს ამ თემაზე ვესაუბრე. მათ უნდა აჩვენონ კარგი ფეხბურთი და გამოავლინონ ფსიქოლოგიური მომზადება” – აღნიშნა გია გეგუჩაძემ.

ქართველი ფეხბურთელებიდანგაბალასთვისშემდეგ ფეხბურთელებს უთამაშიათ:

გიორგი კრასოვსკი (2006-07), ზურაბ მამალაძე (2007-08), თორნიკე აფციაური (2007-09), გოგა ბერაია (2008-11), რევაზ გეწაძე (2009-10)

გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობის პერიოდშიდინამო თბილსისევრომატჩები:

2004-05 წლების სეზონი:

უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ბატე (ბორისოვი) – დინამო (თბილისი) 2:3

დინამო (თბილისი) – ბატე (ბორისოვი) 1:0

უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

სლავია (პრაღა) – დინამო (თბილისი) 3:1

დინამო (თბილისი) – სლავია (პრაღა) 2:0

უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

ვისლა (კრაკოვი) – დინამო (თბილისი) 4:3

დინამო (თბილისი) – ვისლა (კრაკოვი) 2:1

ჯგუფური ეტაპი

დინამო (თბილისი) – სოშო 0:2

ნიუკასლი – დინამო 2:0

დინამო – სპორტინგი (ლისაბონი) 0:4

პანიონიოსი – დინამო (თბილისი) 5:2

2014/15 წლების სეზონი

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო (თბილისი) – გაბალა 2:1

ბურთების შეფარდება საკვალიფიკაციო ეტაპზე: 14:11

ბურთების შეფარდება ჯგუფურ ეტაპზე: 2:9

ბურთების საერთო შეფარდება: 16:20

„ომონია“ VS “დინამო“ ბთ. (პირველი მატჩი 0:1 VIDEO)

პირველი მატჩში გამარჯვების მიუხედავად აჭარლებს დაძაბული მატჩი ელით.

ზესტაფონში გამართული შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ამ აზრში არსებობდა ლოგიკა, თუმცა ფეხბურთი ალოგიკური სპორტია. რაც დრო გადის თამაშამდე შედეგის გამოცნობა უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.

ქართულმა კლუბმა შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებისთვის. "დინამოს" ჰყავს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი გაბედავა, რომელმაც პირველ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

“ომონია” მუდმივად ასპარეზობს ევროტურნირებზე, “დინამო” კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროსარბიელს. აქედან გამომდინარე ქართული კლუბის გამარჯვება მოსალოდნელი არ იყო. გასათვალისწინებელია შიდა ჩემპიონატების დონის ფაქტორიც. კვიპროსის ჩემპიონატში საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, რაც ხშირად ევროტურნირებზე წარმატებას განაპირობებს.

აღნიშნულ მატჩს პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ფაბიო ხოსე ვერისიმო იქნება, მას პაულო სოარესი და ანტონიო გოდინიო დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ასევე პორტუგალიელი ბრუნო მიგელ დუარტეა.

მატჩის წინა დღეს ბათუმის “დინამომ” მეტოქე კლუბის სტადიონზე ივარჯიშა, მოედანზე გასვლამდე კი მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა და ფეხბურთელმა დიმიტრი ტატანაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

“17 წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდით ევროსარბიელს და ვეცდებით ეს ეტაპი გადავლახოთ. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. ვიცი, რომ ჩვენს წარმატებას არა მარტო ბათუმი და აჭარა, არამედ სრულიად საქართველო ელოდება”- განაცხადა ჭეიშვილმა.

“მზად ვართ ბრძოლისთვის. დარწმუნებული ვარ რთული შეხვედრა გველის. პირველ მატჩში მიღწეული შედეგის გაუმჯობესება და მეორე ეტაპზე გასვლა გვსურს” – აღნიშნა დიმიტრი ტატანაშვილმა.

გიორგი მელქაძე

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116326