ფეხბურთი

22:46 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ოტამენდის შემცვლელს ეძებს

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელობა არგენტინელი ცენტრალური მცველის ნიკოლას ოტამენდის შემცვლელს ეძებს. Football Espana–ს ცნობის თანახმად, “ღამურები” ასევე არგენტინელ უკანახაზელებს ეზეკიელ გარაისა და ფაკუნდო რონკალიას აკვირდებიან.

ოტამენდის წასვლაზე საუბარი სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო, როდესაც მისმა აგენტმა ეუხენიო ლოპესმა განაცხადა, რომ ნიკოლასი ყველაფერს გააკეთებდა, რათა “ვალენსიადან” წასულიყო, ხოლო რამდენიმე დღის წინ, თავად მოთამაშემ აღნიშნა, რომ მისი აგენტი უნებართვოდ არაფერს ამბობდა.

როგორც ირკვევა, 27 წლის მცველით “რეალი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან. არგენტინელის დამატების ყველაზე კარგი შანსი “სიტის” აქვს, რადგან მზადაა “ღამურების” მიერ მოთხოვნილი 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. “იუნაიტედის” ბოსობას სატრანსფერო ღირებულება ეძვირება, ხოლო “რეალის” საკუთარ ხარჯზე გაძლიერება “ლოს ჩეს” გეგმებში არ ჯდება.

როგორც ზემოთ ითქვა, ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობა ნიკოლასის შემცვლელის ძებნას უკვე შეუდგა და ორი არგენტინელი შეიგულა. ფაკუნდო რონკალია 28 წლისაა და “ჯენოას” ღირსებას იცავს. მან გასული სეზონი “ფიორენტინას” რიგებში ჩაატარა იჯარით და 32-ჯერ გამოჩნდა მინდორზე. ფაკუნდოს გენუურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს და 7 იანვრის მონაცემებით 3.52 მილიონი ფუნტი ღირს.

ეზეკიელ გარაიც 28 წლისაა და რუსულ “ზენიტში” ასპარეზობს. მას ლა ლიგაში უკვე უთამაშია და “რეალის” ღირსებას იცავდა. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა ეზეკიელს ნაკლებად უნდა ჰქონდეს. არგენტინელმა გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას “ზენიტთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 20 მილიონი ფუნტი ღირს.

იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ვალენსიამ” ერთი ცენტრალური მცველი უკვე დაიმატა – ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი როდრიგო კაიო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110848