ჭიდაობა

14:58 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ოქრო-ვერცხლს აზერბაიჯანელები გადაეღობნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. საჩინო დავითაიამ (66 კგ) და მათე სოფაძემ (85 კგ) კი საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დილის პროგრამაშივე დაკარგეს.

დათუნაშვილი ჩეხი პეტრ ნოვაკის (2:1), თურქი ემრაჰ კუშისა (12:10) და ბულგარელი იავორ იანაკიევის (2:1) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან დამარცხდა (2:3) და ბრინჯაოს ფინალში მისი მეტოქის ვინეობა ჯერ არ გარკვეულა.

იაკობ ქაჯაია უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ შაბაჰი შარიათისთან მარცხით. ქაჯაია მეტოქეს მთელი შეხვედრა სჯობდა და გამარჯვებისკენაც საკმაოდ დამაჯერებლად მიიწევდა, მაგრამ, მოულოდნელად, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, მაშინ, როდესაც 2-ქულიანი უპირატესობით იგებდა, 4-ქულიან გდებაზე წამოეგო და მეტოქეს ნახევარფინალის საგზური აჩუქა. თავად კი რეპეშაჟის ნახევარფინალის შანსს დაელოდა და მიიღო კიდეც, მას შემდეგ, რაც შარიათიმ ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილსაც აჯობა და ფინალში გავიდა.

ბრინჯაოს გზას იაკობ ქაჯაია უკრაინელი მიკოლა კუჩმიის ძლევით შეუყვა. ამ ბრძოლაში ილეთები მხოლოდ პირველ პერიოდში შესრულდა. შეხვედრის დასაწყისშივე უკრაინელი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ქაჯაიამ უმალ ხელთ იგდო უპირატესობა და მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო ქულა აუღო – 7:4.

რეპეშაჟის ფინალში საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი იოსებ ჩუგოშვილს დაეჭიდება.

საჩინო დავითაია (66 კგ) და მათე სოფაძე (85 კგ) ტურნირს თითო შეხვედრით გამოეთიშნენ. დავითაიამ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს საწყისი სამწუთეული 2:1 მოუგო, მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ უპირატესობა დათმო და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. სოფაძემ კი თურქ მეტეჰან ბაშართან უქულო პირველი პერიოდის შემდეგ, 2:5 წააგო. ალიევმა და ბაშარმა ფინალში ვერ გააღწიეს და ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120314